კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი - www.ekalata.gov.ge საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის მოხმარებადი უნდა გახდეს.
როგორც ირაკლი ლექვინაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, მომხმარებლები პროდუქტის შეძენისას საკუთარ არჩევანში ინფორმირებული უნდა იყვნენ, რომ კონკრეტული ქსელებიდან საუკეთესო შეთავაზებები მიიღონ.
"მონიტორინგის პროცესს 2023 წლიდან ვახორციელებთ და სექტორში მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშებს ვაქვეყნებთ. ახლა ქსელებს შორის კონკურენციას დავაკვირდებით, განსაკუთრებით აღნიშნულ საბაზისო პროდუქტებზე, რომელსაც თითოეული მოქალაქის საოჯახო კალათაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. სახელმწიფოს მათ შორის ჩვენს უწყებას შესაძლებლობა გვაქვს, რომ აქტიური მონიტორინგის პროცესი გვქონდეს და მეტი ფასების გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ. შესაბამისად, კონკურენციაც გავზარდოთ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი თითოეული მოქალაქის დანაზოგზე აისახება, რომელიც ინფორმირებული არჩევანის შემდეგ ამა თუ იმ ქსელში მისთვის სასურველ კონკრეტულ კალათას შეიძენს. ქსელებისთვისაც ძალიან საინტერესოა აქტიური კონკურენციის რეჟიმში შეთავაზებები, რომლებიც შესაძლოა მათ აქამდეც ჰქონდათ, თუმცა ახლა ერთიან სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი - აღნიშნული მომხმარებლების ჩართულობას გაზრდის", - აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძემ.
ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი - www.ekalata.gov.ge წარადგინა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
ამასთან, ვებ-გვერდზე www.ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე - 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები.