რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარე კოტეჯების "ბროწეულების" დამფუძნებლის, ფარნაოზ ბაკურაძის ინფორმაციით, ობიექტი გაფართოების ეტაპზეა და გაზაფხულიდან სტუმრებს დამატებით 6-8 ნომრითა და ახალი კაპიტალური შენობით მოემსახურება, რომელიც რაჭის ავთენტური არქიტექტურული შტრიხებით იქნება შექმნილი.
როგორც ფარნაოზ ბაკურაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, გაფართოების გადაწყვეტილება მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, ₾500 000-ია.
"გაფართოებას ვგეგმავ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში კოტეჯს არ ვგულისხმობ - კაპიტალურ შენობას ვაშენებ, რომელიც რაჭის ავთენტური შტრიხებით იქნება შექმნილი, ხოლო შიდა სივრცე თანამედროვედ მოეწყობა. დიდი ალბათობით, გაზაფხულიდან ნომრებს დავამატებთ, დაახლოებით 6-დან 8 ნომრამდე. მშენებლობა უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე ბანკთან გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამჟამად მაქვს 3 კოტეჯი და კაფე. თითოეულ კოტეჯში 2 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი", - აცხადებს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.
"ბროწეულების" მფლობელი ვიზიტორების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ მაისსა და ივნისში, წინა წელთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა 30%-ით შემცირდა, რაც უამინდობამაც განაპირობა. მისივე თქმით, ზოგადად რაჭაში ტურისტების ნაკადი გაიზარდა, რადგან ზემო და ქვემო სვანეთის გზა გაკეთდა.
"ჩემს კოტეჯებში სტუმრების შემცირების მიზეზი კომპლექსურია - განსაკუთრებით გამოვყოფდი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და უამინდობას. ძალიან ბევრი ჯავშანი ევროპული ქვეყნებიდან, მაგალითად ნიდერლანდებიდან, გაუქმდა. ზოგადად, ევროპელი ვიზიტორები არიან ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდან. აღნიშნულ სეგმენტს რაჭა ძალიან მოსწონს, თუმცა ტურიზმის განვითარება მაინც აუცილებელია. ტურისტების ნაკადი ნაწილობრივ გაიზარდა, რადგან ზემო და ქვემო სვანეთის გზა გაკეთდა, შესაბამისად, ამ მიმართულებით ტურისტულ მარშუტში რაჭაც შევიდა. ვგულისხმობ, მაგალითად, თუ ვიზიტორები აღმოსავლეთიდან მოდიან, ისინი რაჭას გამოივლიან, შემდეგ ლენტეხს, მესტიას და ბათუმში გადადიან - ერთგვარი წრე იქმნება. ადგილობრივი სტუმრებიც აქტიურად გვყავს, შიდა ტურიზმი განვითარებულია. გამოწვევებს რაც შეეხება ცხადია, არსებობს კარგი იქნება, თუ რაჭის პოპულარიზაცია გაიზრდება", - აცხადებს ფარნაოზ ბაკურაძე.
ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი "ბროწეულები" რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარეობს. ობიექტის შემადგენლობაშია 3 კოტეჯი და კაფე.