საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში და IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტები განსახილველად საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ წარადგინა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარდაქმნისა და მდგრადი ზრდის პერიოდი იყო.
მისი ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსთვის საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულებამ 8.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 2.2 მილიარდი ლარით მეტია.
„აქტივების ზრდა განპირობებული იყო როგორც მონაწილეთა გაზრდილი საპენსიო შენატანებით, ასევე მაღალი საინვესტიციო შედეგებით. საანგარიშო პერიოდში, ინვესტიციებიდან მიღებულმა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს - 796 მილიონ ლარს მიაღწია, ფონდის დაარსებიდან დღემდე მიღებულმა საინვესტიციო ამონაგებმა კი 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განცხადებით, 2025 წლის განმავლობაში სისტემაში 125 ათასზე მეტი ახალი მონაწილე გაწევრიანდა. წლის ბოლოსთვის რეგისტრირებულ მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 1.7 მილიონს გადააჭარბა, საპენსიო შენატანების ჯამურმა მოცულობამ კი 1.44 მილიარდი ლარი შეადგინა. 2025 წელს 11,367 პირზე გაცემული პენსიებისა და საპენსიო აქტივების მოცულობამ 62.8 მილიონი ლარი შეადგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელი საინვესტიციო საქმიანობის კუთხითაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
„საქართველოს საპენსიო ფონდის ნომინალურმა წლიურმა ამონაგებმა 11.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა 7.6% შეადგინა. 2025 წელს საპენსიო ფონდის მიერ ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წლის განმავლობაში განხორციელებული ადგილობრივი ემისიების დაახლოებით მეხუთედს შეადგენდა. გაგრძელდა აქტიური მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონებში და გაღრმავდა თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მაღალი შედეგები იყო საერთაშორისო აქციების პორტფელში, რომელმაც 20%-ზე მეტი ამონაგები გამოიმუშავა“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის შედეგად, საპენსიო შენატანების დეკლარირების, ადმინისტრირების და გადახდის პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა და განხორციელდა საპენსიო დეკლარაციების ინტეგრირება საშემოსავლო დეკლარაციასთან.
მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდი ასევე მნიშვნელოვანი იყო მონიტორინგისა და აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით. მისი თქმით, დაინერგა საპენსიო შენატანების ვალდებულების ავტომატური მონიტორინგისა და სანქცირების მექანიზმები, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა სისტემის ეფექტიანობა, მონაწილეთა ინტერესების დაცვა და დამსაქმებელთა დისციპლინა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.
„უმნიშვნელოვანესია, რომ 2025 წლის განმავლობაში სისტემაში 125 ათასზე მეტი ახალი მონაწილე გაწევრიანდა. მისასალმებელია, რომ საპენსიო ფონდის მიმართ ჩვენი მოსახლეობის ნდობა იზრდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.