ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, კანონის ამოქმედების შემდეგ, ოფიციალურად, პირველი ენერგოეფექტური შენობები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოდან გამოჩნდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა განუცხადა, საქართველოში ენერგოეფექტურობის მიმართულებით რეალური ცვლილებები ბოლო 5-6 წელია დაიწყო. კერძოდ, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ და ამ კანონის შესაბამისად, სამშენებლო ბიზნესისთვის, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ძალაში 2023 წლიდან შევიდა.
„კომპანია სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს, თუ აღნიშნულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. სტანდარტი ვრცელდება ნებისმიერი ტიპის შენობაზე, რომელიც 50 კვადრატულ მეტრს აღემატება. რეგულაცია ითვალისწინებს ისეთ თბოფიზიკურ პარამეტრებს, როგორებიცაა: შენობის კედლების, კარ-ფანჯრის, ჭერისა თუ იატაკის თბური გადაცემის კოეფიციენტი. ამ კონკრეტული პარამეტრის მისაღწევად მშენებელს თავად შეუძლია არჩევანის გაკეთება, რა მასალა გამოიყენოს”, - განმარტა გიორგი აბულაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, რეგულაციის ამოქმედებიდან დღემდე, 22 ათასამდე სამშენებლო ნებართვაა გაცემული და ამ შენობების გარკვეული ნაწილი ექსპლოატაციაში, ჩემი აზრით, მიმდინარე წლის ბოლოდან შევა.
„შესაბამისად, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დავაკვირდეთ, რა ხელშესახები შედეგები აქვს ენერგოეფექტურ შენობებს“, - აღნიშნა გიორგი აბულაშვილმა.
ცნობისთვის, მთელ მსოფლიოში ენერგოეფექტურ და ე.წ „მწვანე“ შენობებზე მოთხოვნა საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება და ეს უკვე არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ ეკონომიკური ტენდენციაა. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად ამ ტიპის შენობების ბაზარი, საშუალოდ, 9-დან 12 პროცენტის ფარგლებში იზრდება. ენერგოეფექტურ შენობებზე მაღალ მოთხოვნას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ის, რომ კომერციულ უძრავ ქონებაში, მწვანე სერტიფიკატის მქონე შენობები ხშირად უფრო ძვირად ქირავდება და უფრო სწრაფად იყიდება. ამასთან, აღნიშნულ შენობებში კომუნალური ხარჯები, შესაძლოა, 30-50%-ით ნაკლები იყოს.