კომპანია "აპისახლის" დამფუძნებლის, მარიამ კილაძის ინფორმაციით, ქართულ თაფლს უცხოეთში საკუთარი ნიშის დამკვიდრების პოტენციალი აქვს, თუმცა ამისთვის დრო, ცოდნის გაღრმავება და სექტორის განვითარებაა საჭირო.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი მარიამ კილაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მეფუტკრეობის დარგში ინვესტიციების განხორციელება და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობა, რადგან სექტორში ძირითადად ასაკოვანი ადამიანები არიან ჩართული, რის გამოც თანამედროვე მეთოდებსა და პრაქტიკებზე წვდომა ხშირად შეზღუდულია.
"ქართულ თაფლს უცხოეთში საკუთარი ნიშის დამკვიდრების რეალური პოტენციალი აქვს. ამას ხელს უწყობს ადგილობრივი გარემო პირობები და მრავალფეროვანი ფლორა, რაც ქართულ თაფლს როგორც კვებითი, ისე გემოვნური თვისებებით გამოარჩევს. როგორც ვიცით, ჩვენი პროდუქცია უკვე გადის როგორც ევროპულ, ისე აზიურ ბაზრებზე, თუმცა ამ ქვეყნებში კონკურენცია საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, აუცილებელია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ამ მიზნის მიღწევას დრო და სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა სჭირდება. ვგულისხმობ სექტორში გარკვეული ინვესტიციების განხორციელებას, განსაკუთრებით ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სფეროში ძირითადად ასაკოვანი ადამიანები არიან ჩართული, რის გამოც თანამედროვე მეთოდებსა და პრაქტიკებზე წვდომა და მათი გამოყენება ხშირად შეზღუდულია. დაავადებების მართვისას კვლავ გამოიყენება მოძველებული მიდგომები, რაც ფუტკრის ოჯახების დაზიანებისა და განადგურების რისკს ზრდის. პრობლემას წარმოადგენს საფუტკრეების არასათანადო მართვაც. მოვლა-პატრონობის პროცესში არასწორი მენეჯმენტი და პრეპარატების გაუმართავი გამოყენება თაფლის ხარისხზე უარყოფითად აისახება, რაც ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა.
გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი ლაბორატორიები ყოველთვის ვერ უზრუნველყოფენ პროდუქციის ყველა აუცილებელი მაჩვენებლის სრულფასოვან ანალიზს, რის გამოც ნიმუშების უცხოეთში გაგზავნა ხდება საჭირო, რაც დამატებით ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული", - აღნიშნავს მარიამ კილაძე.
კომპანია "აპისახლის" დამფუძნებლის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ საქართველოში მეფუტკრეობის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება.
ცნობისთვის, კომპანია გარდაბნის მუნიციპალიტეტში სართიჭალაში მდებარეობს და 4 სახეობის თაფლს: აკაციის, ცაცხვის, წაბლის და მინდვრის თაფლს აწარმოებს.