HSC Group Hospitality-ის დირექტორმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში სასტუმროების საფასო პოლიტიკაზე და ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
გიორგი დოლიძის თქმით, ხშირად არის სიტუაციები, როდესაც ბაზარი და ფასები ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი ცვლილების მიმართ. ეს განსაკუთრებით ეხება დაბალ სეზონს, რომელიც თბილისის შემთხვევაში ძირითადად, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით გრძელდება. ასეთ პერიოდში შესაძლოა სულ რაღაც 5 დოლარიანმა ცვლილებამაც კი დატვირთულობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს .
მისი განმარტებით, ფასებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები არეგულირებს. თითოეულ ობიექტს, მისი კატეგორიის, საკუთრების ფორმისა და ლოკაციის შესაბამისად, საკუთარი საფასო პოლიტიკა აქვს. ამასთან, ერთი და იმავე კლასის სასტუმროს სხვადასხვა ლოკაციაზე შეიძლება განსხვავებული ფასი ჰქონდეს. ფასზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი ადგილმდებარეობა, ობიექტის ტიპი, ნომრების რაოდენობა, საოპერაციო ხარჯები და სხვა კომპონენტები.
"თუ მოთხოვნა არ იზრდება, ფასის ზრდაც რთულია, ხოლო თუ მოთხოვნა მაღალია, ბუნებრივია, ბიზნესი ცდილობს ფასი იმ მაქსიმალურ ნიშნულამდე მიიყვანოს, რომელსაც ბაზარი მიიღებს. ამ პროცესში მთავარი საკითხია ბალანსის დაცვა, რათა ობიექტმა კონკურენტუნარიანობა არ დაკარგოს და ტურისტებისთვის მიმზიდველი დარჩეს. მაგალითად, თუ დღეს ნომრის საშუალო ფასი 100 დოლარია და ის ერთბაშად 300 დოლარამდე გაიზრდება, შესაძლოა დატვირთულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს. თუმცა, თუ ფასი შეესაბამება ბაზრის მოთხოვნასა და იმ სერვისს, რომელსაც სტუმარი იღებს, მომხმარებელი მზად იქნება შესაბამისი თანხა გადაიხადოს.
ვინაიდან ნომრების რაოდენობის სწრაფად გაზრდა შეუძლებელია, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არსებული რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. სწორედ ამიტომ, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპებზე დაყრდნობით, ფასები მუდმივად კორექტირდება, რათა შენარჩუნდეს როგორც კონკურენტუნარიანობა, ისე ბიზნესის მომგებიანობა”,- ამბობს გიორგი დოლიძე.
მისივე თქმით, საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა საფასო კატეგორიის ობიექტები, რაც თითოეულ სტუმარს საკუთარი ბიუჯეტისა და მოთხოვნების შესაბამის არჩევანს აძლევს.