აპლიკაცია Courtmaster-ი, რომელიც კალათბურთის მატჩების ტრანსლაციასა და ანალიტიკას ახორციელებს, რეგიონებში გაფართოებას გეგმავს და მიზნად დასავლეთ საქართველოს დაფარვას ისახავს.
როგორც სტარტაპის დამფუძნებელი თედო საგინაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, პლატფორმა აქტიურად თანამშრომლობს კლუბებთან და ასევე, კალათბურთის ფედერაციასთან.
"სტარტაპი აქტიურად მუშაობს და პროდუქტს სხვადასხვა კლუბს ვთავაზობთ. მოგეხსენებათ, რომ თბილისში არის NBA-ს აკადემია და მათთან ვგეგმავთ თანამშრომლობას. ამ ეტაპზე, კალათბურთის მატჩების სიღრმისეულ ანალიტიკაზე უარს ამბობენ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენციაც შეიცვლება. ტრანსლაციასთან დაკავშირებით, კი ბევრი მსურველი გვყავდა და გარდა ამისა, გვქონდა საუბარი ფედერაციასთან.
ჩვენ მატჩებს ისეთი კამერით ვიღებთ, რომელიც ავტომატურად აკეთებს ყველაფერს, მათ შორის, ბურთს და მოთამაშეებს დაყვება და შესაბამისად, მსგავსი მომსახურება ბაზარზე სხვას არ აქვს. ჩვენი ძირითადი მიმართულება ბავშვთა სპორტია, თუმცა რა თქმა უნდა, შეგვიძლია უმაღლეს ლიგებთანაც ვიმუშაოთ.
თბილისის გარდა გვინდა, რომ რეგიონების კუთხით განვვითარდეთ. ამჟამად, ჩვენი მიზანი დასავლეთ საქართველოს მოცვაა და იქ არსებული გუნდებისთვის ჩვენი პროდუქტის შეთავაზება. ბათუმის გუნდი არის დაინტერესებული და აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება", - აცხადებს თედო საგინაძე.
სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.