20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება, - ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.
"ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალე სივრცე, სადაც სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვაც, რომელშიც 150-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები იქნება წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იფუნქციონირებს, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებენ. „ზაფხულის ფესტივალის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ, რომელიც ორივე დღეს საღამოს ხუთი საათიდან დაიწყება", - აღნიშნა მან.