logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გრინგოლდის" ორგანული ჩაი Amazon-ზე გაიყიდება

ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია "გრინგოლდის" პროდუქცია სექტემბრიდან აშშ-ის Amazon-ზე გაიყიდება.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და წარმოების ხელმძღვანელის, ნიკა სიორიძის ინფორმაციით, უცხოელი მომხმარებლებისთვის კომპანიამ სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებები  მოამზადა, რომლებშიც 7 სახეობის შავი და 7 სახეობის მწვანე ჩაი იქნება წარმოდგენილი.

როგორც ნიკა სიორიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, პროდუქცია უკვე შეფუთული და დასაწყობებულია, ხოლო აშშ-ში პირველი პარტიის გაგზავნა დაახლოებით ერთ თვეში იგეგმება.

"Amazon-ზე გაყიდვები პარტნიორი კომპანიის მეშვეობით განხორციელდება, თუმცა ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, პარტნიორის ვინაობას არ დავაკონკრეტებ. საწყის ეტაპზე 2 000 სასაჩუქრე სეტი მოვამზადეთ. დიდი ყურადღება დავუთმეთ როგორც შეფუთვის დიზაინს, ისე ასორტიმენტის მრავალფეროვნებას. შეფუთვის დიზაინზე ჩინურ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ვიმუშავეთ. ამ მიმართულებით საქართველოში არ ვთანამშრომლობთ, რადგან ჩინეთიდან აღნიშნული სერვისის მიღება უფრო სწრაფად და დაახლოებით ხუთჯერ იაფად არის შესაძლებელი.

რაც შეეხება პროდუქტს - სასაჩუქრე ნაკრებში წარმოდგენილი იქნება განსხვავებული გემოს ჩაის სახეობები, რადგან მომხმარებელთა ნაწილი უფრო მწარე გემოს ანიჭებს უპირატესობას, ნაწილი კი - უფრო მსუბუქსა და ტკბილს", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ნიკა სიორიძე აშშ-ის ბაზარზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართული ჩაის მიმართ ინტერესი არსებობს, რასაც მათ მიერ ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს.

"აშშ უდიდესი ბაზარია, თუმცა ჩატარებულმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ჩვენი პროდუქტი ამერიკელი მომხმარებლისთვის საინტერესოა. ვფიქრობთ, სასაჩუქრე ნაკრები განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რა წილს დაიკავებს Amazon-ი კომპანიის მთლიან გაყიდვებში, თუმცა თუ რეალიზაცია წარმატებული იქნება, წარმოებას აუცილებლად გავაფართოებთ. შესაძლოა, შრი-ლანკურ ჩაის მასშტაბებით ვერ შევეჯიბროთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ Amazon-ზე საკუთარ ნიშას დავიკავებთ", — აღნიშნავს ნიკა სიორიძე.

ცნობისთვის, ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია "გრინგოლდი" აზიურ ბაზარზეც გავიდა. კომპანიის პლანტაციები, რომელიც 29 ჰექტარს მოიცავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაგომარში მდებარეობს. "გრინგოლდი" 20 სახის ჩაის აწარმოებს. პროდუქცია წარმოდგენილია ადგილობრივ ბაზარზე ქსელურ მარკეტებში: "სპარი", "ორ ნაბიჯი", "დეილი", "გუდვილი" და ა.შ. ამასთან, "გრინგოლდი"-ს საექსპორტო ქვეყნებია: ჩეხეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა. 

გამოგვყევით