ივნისის ბოლოს, თბილისში ახალი კრაფტ ლუდსახარში "იშვი" იხსნება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, "იშვის" საწარმოში მოხარშული ლუდი, გემოს თვალსაზრისით, ინდუსტრიული და სხვა კრაფტლუდებისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება.
მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმოს საკუთარი ლაბორატორია ექნება, რომელშიც როგორც ინგრედიენტების, ისე სასმლის ხარისხი რეგულარულად გაკონტროლდება და მათი წლიური წარმადობა 365 000 ლიტრი იქნება.
ამასთან, "იშვის" დამფუძნებლების განცხადებით, ბრენდის ბაზარზე გასვლას წინ სამწლიანი მოსამზადებელი ეტაპი უძღოდა, რომლის ფარგლებშიც ისინი სხვადასხვა ქვეყნის ლუდსახარშების გამოცდილებას სწავლობდნენ და პროდუქტის დახვეწის მიზნით დეგუსტაციებს ატარებდნენ.
"ლუდსახარშის მშენებლობამდე შევიძინეთ მცირე ზომის სახარში დანადგარები და 150-მდე სატესტო პროცესიც გავიარეთ. მთავარი მიზანი სტაბილურად მაღალი ხარისხის ლუდის შექმნა იყო, რადგან, როგორც ლუდის მოყვარულებს, ხშირად თავად გვიჭირდა ადგილობრივ ბაზარზე ასეთი პროდუქტის პოვნა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეთ, რომ შეგვექმნა საკუთარი რეცეპტი, რომლის ხარისხშიც ყოველთვის დარწმუნებულები ვიქნებოდით. შესაბამისად, ბრენდი მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებისგან დამზადებულ ლუდს შესთავაზებს", - აცხადებენ კომპანიაში.

ბრენდი პირველ ეტაპზე, მომხმარებლებს ხუთი სახეობის ლუდს შესთავაზებს, მათ შორის:
- NEIPA - ტროპიკული ხილის ინტენსიური არომატები, ციტრუსის ნათელი ნოტები და ხავერდოვანი ტექსტურა
- WIT - ბელგიური სტილის ხორბლის ლუდი, ციტრუსოვანი და პიკანტური არომატით;
- Stout - ხავერდოვანი ლუდი ყავისა და კაკაოს ღრმა ნოტებით
- Lager I - ეს ლაგერი აერთიანებს კლასიკურ სისუფთავესა და თანამედროვე კრაფტ ბალანსს. შედეგი არის მსუბუქი, სუფთა და ჰარმონიული ლუდი,
- Lager II - კლასიკური გერმანულ სიზუსტის და თანამედროვე კრაფტ ფილოსოფიისგაერთიანება. შედეგი არის ელეგანტური, ბლანტი და არომატული ლუდი
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ლუდსახარშის ტერიტორიაზე მოეწყობა ბაღიც, სადაც ლუდის მოყვარულებს შეეძლებათ განიტვირთონ და სასმელი იქვე დააგემოვნონ.
"კრაფტ ლუდი თავდაპირველად "იშვის" ლუდის ბაღში, ასევე, შერჩეულ ბარებსა და რესტორნებში გაიყიდება. კომპანია უახლოეს მომავალში კრაფტ ლუდის ბაზრის 20%-ის დაკავებას გეგმავს, სამომავლო ინვესტიციები კი წარმოების გაფართოებას მოხმარდება", - აღნიშნეს ლუდსახარშში.