logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე უპრეცედენტო მოვლენა მოხდა - სტრატეგიული რეზერვებიდან დიდი რაოდენობით ნავთობი გამოუშვეს"

გლობალურ ბირჟებზე ნავთობის ფასი კვლავ მერყეობს. დღეს დილიდან, მისი ღირებულება 5%-ით არის შემცირებული და ამჟამად, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 87 დოლარამდე ღირს.

„აშშ-ს ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს პროგნოზით, ივნის-ივლისის თვეებში ნავთობის ფასი 90-დან 120 დოლარის ფარგლებში იმერყევებს, 2026 წლის ბოლოსთვის კი შემცირდება და ბარელზე 89 დოლარს შეადგენს. თუმცა, ცხადია, ყველა ეს პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება გეოპოლიტიკური მოვლენები ახლო აღმოსავლეთში“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ოთარ ცუხიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ნავთობის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყნები ცდილობენ, რომ გლობალურ ბირჟებზე მიწოდება გაზარდონ და ამით, გარკვეულწილად ფასების ზრდა შეაჩერონ.

„ირანში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე უპრეცედენტო მოვლენა მოხდა და პირველად ისტორიაში, ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დიდი რაოდენობით ნავთობი გამოუშვეს. ბაზრისთვის, დაახლოებით, 400 მილიონი ბარელის მიწოდება იგეგმება ეტაპობრივად და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, გასულ კვირას, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ და მისმა მოკავშირეებმა, ნავთობის მოპოვების მიზნობრივი მაჩვენებლების დამატებით ზრდაზე შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, ივლისიდან მოპოვების მიზნობრივი ნიშნული დღეში კიდევ 188 ათასი ბარელით გაიზრდება“, - განმარტა ოთარ ცუხიშვილმა.

თუმცა, მისივე თქმით, იმ ფონზე რომ მსოფლიოიში ნავთობპროდუქტების მოხმარება ძალიან მაღალია, აღნიშნული 188 ათასი ბარელი საერთო სურათს ვერ შეცვლის.

„მსოფლიოში ნავთობის მოხმარება დღიურად შეადგენს, დაახლოებით, 100 მილიონ ბარელზე მეტს, ამიტომ დღიურად წარმოების 188 ათასი ბარელით ზრდას, მიწოდებაზე მცირედი ეფექტი ექნება“, - განმარტა ოთარ ცუხიშვილმა.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან უკვე 3 თვეზე მეტი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია, რის გამოც ფერხდება ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზრებისთვის, ეს კი ზეწოლას ახდენს ფასებზე. თუ ომის დაწყებამდე 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 70 დოლარამდე ღირდა, დღეს უკვე მისი ფასები 86-დან 120 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ცხადია, ნავთობპროდუქტები გაძვირებულია საქართველოშიც, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 1 ლიტრზე 50-დან 60 თეთრამდეა გაზრდილი. 

თუმცა, დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების „საბოლოო პუნქტები“ დამტკიცებულია. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამაღამ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი იერიში გაუქმებულია. ცხადია, ეს ყველაფერი ბაზარზე ნავთობის გაიაფების მოლოდინს აჩენს.

გამოგვყევით