logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"კომპანია "მამედ"-ის მხრიდან ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია" - SOCAR Gas Export-Import

"კომპანია "მამედ"-ის მხრიდან ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია" - SOCAR Gas Export-Import

1781161493

შპს SOCAR Gas Export-Import-ი  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.  კომპანიის ინფორმაციით, SOCAR Gas Export-Import-ი  შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას შპს „მამედ“-ისთვის 2020 წლის თებერვლიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მოსახლეობის გაზმომარაგების მიზნით.

"სოციალური გაზის მიწოდება ხორციელდება მკაცრად იმ ტარიფით, რომელსაც კომპანია „მამედ“-ისთვის ადგენს უფლებამოსილი ორგანო. ჩვენს კომპანიას არ გააჩნია სოციალურ სექტორში ტარიფის დადგენის უფლებამოსილება — ეს მთლიანად და სრულად წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს პრეროგატივასა და კომპეტენციას. ჩვენი
მისამართით გამოთქმული ყველა ბრალდება ტარიფის ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

2020 წლიდან დღემდე პერიოდში, კომპანია „მამედ“-ისთვის სოციალური გაზის ფასი ოთხჯერ შეიცვალა და ყოველ ჯერზე კომპანია ახალ ფასს საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტავდა. იყო პერიოდები, როდესაც კომპანია აღიარებდა ფასს, თუმცა იყო საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდებიც, როდესაც კომპანია თვითნებურად ამბობდა უარს ახალ ფასზე და ყველა ანგარიშსწორებას ახორციელებდა 2020 წლის მოძველებული ფასით. შედეგად,
კომპანია „მამედ“-ს დაუგროვდა დიდი დავალიანება მიწოდებული გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო.

განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია „მამედ“-ის მხრიდან ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ჩვენი კომპანიის საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა კანონმდებლობისა და შესასრულებლად სავალდებულო ყველა სახელმწიფო რეგულაციისა და ნორმატიული აქტის მკაცრ დაცვას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ SOCAR არ ადგენს ტარიფებს სოციალურ გაზზე. ჩვენ მხოლოდ მკაცრად ვიცავთ სოციალური დანიშნულების გაზის შესყიდვისა და გაყიდვის იმ ტარიფებს, რომლებსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს უფლებამოსილი ორგანო.

ჩვენი მხრიდან, არაერთხელ მოვუწოდეთ კომპანია „მამედ“-ს, დაბრუნებულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და ემუშავა ბაზრის სოციალური სეგმენტისთვის დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ, იძულებულნი გავხდით მიგვემართა რადიკალური ზომებისთვის და შეგვეჩერებინა გაზის მიწოდება კომპანია
„მამედ“-ისთვის ჩვენი ურთიერთობების სრულ დარეგულირებამდე.

ასევე მიგვაჩნია, რომ სასამართლო დავები, რომლებსაც კომპანია „მამედ“-ი აწარმოებს მესამე პირებთან, არ ათავისუფლებს მას ჩვენი კომპანიის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან. ჩვენ არ გვიწარმოებია და არც ახლა ვაწარმოებთ სასამართლო დავას კომპანია „მამედ“-თან და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შექმნილი
მდგომარეობიდან ურთიერთმისაღები გამოსავლის პოვნას,"- აღნიშნულია შპს SOCAR Gas Export-Import-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოგვყევით