ღვინის მწარმოებელი კომპანია "ფერიანი" ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას გეგმავს. მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან ერთდროულად მიმდინარეობს. კომპანია ამ ეტაპზე ორგანულ ღვინოს სამი სახეობის ყურძნისგან აწარმოებს. მათ შორისაა ხიხვი, ვარდისფერი რქაწითელი და საფერავი.
როგორც კომპანიის ექსპორტ-იმპორტის ხელმძღვანელმა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, "ფერიანს" ვენახი 60 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანიის წლიური წარმადობა კი 100 ათასი ბოთლი ღვინოა.
"ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის 90% უცხოურ ბაზრებზე იყიდება. დანარჩენი, 10% კი საქართველოს ჰორეკა სექტორშია წარმოდგენილი.
ექსპორტის ძირითადი აქცენტი გადატანილია ცენტრალური ევროპის ბაზრებზე. ჩვენთვის საინტერესოა კანადის და სკანდინავიის, ასევე აშშ-ის სარეალიზაციო ბაზრები. რაც შეეხება აზიაა - აქ ჩვენი გეგმები უკავშირდება ჩინეთისა და იაპონიის მიმართულებებს,სადაც პრემიუმ სეგმენტის ღვინოზე მოთხოვნა გაჩენილია,"- აღნიშნა კახი კახიანმა.
შეგახსენებთ, "ფერიანი" ბაზარზე 2003 წლიდანაა. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის ტრადიციული და კლასიკური ტექნოლოგიებით დამზადებულ ღვინოებს.
"ფერიანის" მთლიანი კომპლექსი განლაგებულია 80 ჰექტარზე და მდებარეობს ალაზნის ველზე, სოფელ ვეჯინის მიწებზე. საწარმო აშენებულია მამაპაპისეულ გაშენებულ ვენახების შუაგულში.