"მარანი გელოვანის" დამფუძნებლის, აკაკი გელოვანის ინფორმაციით, კომპანია მარანს აფართოებს და ღვინის საცავს აშენებს.
როგორც აკაკი გელოვანი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით ₾500 000-ია. მეღვინის ცნობით, მარანი კონკრეტული მიზნისთვის ფართოვდება - მომავალ წელს წარმოება 10 000 ბოთლამდე უნდა გაიზარდოს. მისივე თქმით, ღვინის საცავი 80 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, სადაც 30 000 ბოთლი ღვინის შენახვა იქნება შესაძლებელი.
"ღვინის საცავს ვაკეთებ და მარანსაც ვაფართოებ. ამჟამად მშენებლობის პროცესში ვარ და ვიზიტორების მიღებაზე თავს ვიკავებ. მარანს ვაფართოებ, რადგან წარმოება 5 000 ბოთლიდან დაახლოებით 10 000 ბოთლამდე გავზარდო მომავალ წელს. ღვინის საცავი აქამდე არ მქონდა და ახლა ვაშენებ. მარნის ფართობი 150 კვადრატული მეტრი იყო და 300-მდე გაიზრდება. ღვინის საცავი კი 80 კვადრატულ მეტრს მოიცავს. საცავის აშენების შემდეგ დაახლოებით 30 000 ბოთლ ღვინოს თავისუფლად შევინახავ. ყოველ წელს მინდა 5 000 ბოთლი შევინახო, ხოლო 7–8 წლის შემდეგ საზღვარგარეთ ძველი ღვინის რეალიზაციას ვგეგმავ. ზოგადად, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა დაძველებული ღვინის გაყიდვა. ეს ნიშნავს, რომ უკვე წარმატებული ხარ და აქტიურად მუშაობ, რაც მეღვინისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით ₾500 000-ია. უცხოეთში, სადაც პროდუქტს ვყიდით გვინდა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ", - აცხადებს აკაკი გელოვანი.
აკაკი გელოვანი ახალგაზრდა თაობაში არსებულ ტენდენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მაგალითად, ევროპაში ახალგაზრდები ღვინოს ნაკლებად იძენენ და თანხას უფრო ხშირად ლუდსა და სხვა სპირტიან სასმელებში ხარჯავენ.
"მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის გაყიდვების მაჩვენებელი შემცირებულია. ასევე, შეინიშნება ტენდენცია, რომ ახალგაზრდებში ღვინოზე მოთხოვნა მცირდება. ეს ყველაფერი იმედია, დროებითია. როგორც ტანსაცმელში იცვლება მოდა, ეს სფეროც ასეა... დაახლოებით 30 წლის წინ ფრანგულმა და იტალიურმა ღვინოებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა - პარასკევ საღამოს ღვინოს ყუთებით ყიდულობდნენ, თუმცა დღეს სიტუაცია განსხვავებულია. ჩემი აზრით, აღნიშნული ბუნებრივი პროცესია და მას ფეხი უნდა ავუწყოთ. როდესაც უცხოეთში დეგუსტაციებზე მივდივარ, ახალგაზრდებს ვიწვევ და მათ ენაზე ვესაუბრები, რადგან საბოლოო მომხმარებლები სწორედ ისინი არიან. ფრანგული და იტალიური ღვინის შემდეგ მნიშვნელოვანია, ქართულ პროდუქტზე აქტიურად ვილაპარაკოთ, რადგან უფრო ფართო მასშტაბით გაგვიცნონ", - აცხადებს მარნის მფლობელი.
შეგახსენებთ, რომ "მარანი გელოვანი" თბილისიდან 25კმ-ში, სოფელ ქვემო წყლულეთში, მდებარეობს და კახური ჯიშის ბიო ღვინოს ამზადებს. ასორტიმენტში შედის: "რქაწითელი", "კახურ მწვანე", "ქისი" და "საფერავი". ექსპორტზე კი 2017 წლიდან გადის, საექსპორტო ქვეყნებია - იაპონია, აშშ, გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი და შვეიცარია.