logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩიზუკამ" ასორტიმენტს კივისა და ალუბლის ყველი დაამატა

"ჩიზუკა" წარმადობის გაორმაგებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ვიკა იობიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, "ჩიზუკამ" მიმდინარე წელს, ასორტიმენტს კივისა და ალუბლის ყველი დაამატა.

მისი თქმით, კივისა და ალუბლის ყველი ამ ეტაპზე HoReCa სექტორში და ნიშურ მაღაზიებშია წარმოდგენილი.

"ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ ასორტიმენტს - როგორც რაოდენობის, ისე პროდუქციის სახეობების კუთხით.ამ სეზონზე 4 სახეობა დავამატეთ - ალუბალი, კივი, ტრიუფელი და ლავანდა. აქედან, ლავანდას და ტრიუფელის ყველი დაძველების პროცესს გადის და ბაზარზე 2-3 კვირაში გამოჩნდება. ახალ პროდუქტებზე მოთხოვნა ჯერ შედარებით დაბალია, რადგან მომხმარებლებს ისინი ჯერ კარგად არ იცნობენ. თუმცა ველით, რომ მოთხოვნა ეტაპობრივად გაიზრდება, რადგან ქვეყანაში რძის დეფიციტია და, შესაბამისად, ნატურალურ პროდუქტებზეც არსებობს დეფიციტი. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქცია მომავალშიც მუდმივად მოთხოვნადი იქნება.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 50%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის ზრდაზე არ ვმუშაობდით, რადგან მარაგები არ გვქონდა. წელს ეს უკვე გავითვალისწინეთ. წარმოება 100%-ით გვინდა, რომ გავზარდოთ. ამჟამად, ისევ 50 სული ძროხა გვყავს, თუმცა მათი პირობები გავაუმჯობესეთ, რამაც წარმადობის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს", - აცხადებს ვიკა იობიძე.

ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესმა ყველის წარმოება 1996 წელს წალკის რაიონის, სოფელ სანთაში დაიწყო.  ქართულ ბაზარზე ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია "ჩიზუკას" სახელით 2 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი ფერმა აქვს და ასევე, რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. "ჩიზუკას" ყველი იყიდება ონლაინ და ასევე, რამდენიმე სავაჭრო ქსელში, მათ შორის, "ფრესკოში".

გამოგვყევით