ხელნაკეთი კერამიკული ნამუშევრების შემოქმედებითი სახელოსნო EBRA-ს დამფუძნებლის, ლევან ებრალიძის ინფორმაციით, თბილისში ბრენდული მაღაზიის გახსნის შემდეგ პროდუქციის რეალიზაცია 10–15%-ით გაიზარდა.
როგორც ლევან ებრალიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, მაღაზიის გახსნამ ბიზნესის განვითარებაზე დადებითი გავლენა მოახდინა, რადგან კომპანიას სტაბილური ზრდა აქვს. მისივე ცნობით, კომპანიამ ამ ეტაპზე ასორტიმენტი რაოდენობრივად დაახლოებით 20%-ით გაზარდა.
"მაღაზიის გახსნა ბიზნესზე დადებითად აისახა, წინსვლა ნამდვილად გვაქვს. მაღაზია ნორმალური რიტმით ვითარდება. რაც დრო გადის ჩვენს შესახებ მეტი ადამიანი იგებს, ასორტიმენტის გაფართოებას მუდმივად ვცდილობთ - ეს ყველაფერი ერთად გაყიდვებზეც აისახება. რეალიზაციის კუთხით რომ გესაუბროთ, მაგალითად, შარშან, ახალ წელს კორპორაციული დაკვეთები გვქონდა, აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა კომპანია კერამიკას სასაჩუქრედ იყენებს. შესაბამისად, რეალიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა. ზაფხულის სეზონი ორ ნაწილად იყოფა ივლისის თვე შედარებით კარგია, თუმცა აგვისტოში გაყიდვების მაჩვენებელი მცირდება, ადამიანები დასასვენებლად მიდიან, ქვეყანაში ტურისტები კი შემოდის, მაგრამ მაინც სახარბიელო სიტუაცია არ არის ხოლმე", - აცხადებს ლევან ებრალიძე.
კომპანიის წარმომადგენელი ნედლეულის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ნედლეულს თურქეთში იძენს, რადგან საქართველოში ხარისხიანი მასალა არ არის.
"რაც შეეხება ნედლეულს თურქეთში ვიძენთ. საზღვარგარეთ ვყიდულობთ, რადგან საქართველოში თიხის გადამმუშავებელი ქარხანა არ არსებობს, რომელიც ისეთი ხარისხის მასალებს მოგვცემს, რაც ჩვენთვის მისაღები იქნება. ამასთან, ჩვენი მომხმარებლების დიდი წილი ადგილობრივი მოსახლეობაა", - აცხადებს ლევან ებრალიძე.
ამასთან, კომპანია გერმანიაში მაღაზიის გახსნას პარტნიორთან ერთად გეგმავს, თუმცა სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, ხელნაკეთი, კერამიკული ნამუშევრების, შემოქმედებითმა სახელოსნო EBRA-მ პირველი ბრენდული მაღაზია თბილისში 2025 წლის ოქტომბერს გახსნა. EBRA ადგილობრივ ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. სახელოსნო თბილისში, ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარეობს.