ხელნაკეთი, კერამიკული ნამუშევრების, შემოქმედებითმა სახელოსნო EBRA-მ პირველი ბრენდული მაღაზია თბილისში გახსნა.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" EBRA-ს დამფუძნებელი, ლევან ებრალიძე აღნიშნავს, ობიექტზე სახელოსნოში დამზადებული ხელნაკეთი ნამუშევრები სრული ასორტიმენტითაა წარმოდგენილი.
მისივე თქმით, კომპანია ახალი წლის პერიოდში პროდუქციის რეალიზაციის გაზრდას ელოდება.
"უკვე 2 კვირაა თბილისში ბრენდული მაღაზია გავხსენით. ობიექტზე წარმოდგენილი სრული ასორტიმენტით ვართ: სანათები, ქოთნები, ლარნაკები და ა.შ. მოგეხსენებათ, საახალწლო პერიოდი იწყება, როგორც წესი, ამ დროს გაყიდვების რაოდენობაც მატულობს. ზოგადად, ნებისმიერი ბრენდისთვის მნიშვნელოვანია წარმოდგენილი კონკრეტულ ობიექტზე იყოს - იმიჯზეც მოქმედებს და მომხმარებლების რაოდენობასაც ზრდის. ამ ეტაპზე, ახალი გახსნილი ვართ და გარკვეული სახის ტენდენციებზე ლაპარაკი მიჭირს, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი კარგად წარიმართება... ცხადია, პროდუქციას სოციალური ქსელის მეშვეობითაც აქტიურად ვყიდით", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ლევან ებრალიძე ნედლეულის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია მასალას უცხოეთში იძენს.
"მარკეტინგული კუთხით ვიზრდებით, ამავდროულად ხარიხის დახვეწა საქმეზეც აისახება. როდესაც ადამიანები ჩვენს მომხმარებლებთან შეძენილ ნივთს ხედავენ, მოსწონთ და უკვე პოტენციური მყიდველები ხდებიან. რაც შეეხება, ჩვენს ნიშას, დამკვეთების აზრს, თუ დავეყრდნობით - დახვეწილ ნამუშევრებს ვქმნით. რაც მთავარია, ყოველი ნამუშევარი ერთმანეთისგან განსხვავდება.
ნედლეულის მიმართულებით, რომ გესაუბროთ, ნედლეულს საზღვარგარეთ ვყიდულობთ, რადგან საქართველოში თიხის გადამმუშავებელი ქარხანა არ არსებობს, რომელიც ისეთი ხარისხის მასალებს მოგვცემს, რაც ჩვენთვის მისაღები იქნება. ამასთან, ჩვენი მომხმარებლების დიდი წილი ადგილობრივი მოსახლეობაა", - აცხადებს EBRA-ს დამფუძნებელი.
ლევან ებრალიძე გერმანიაში ბრენდული მაღაზიის გახსნის საკითხსაც მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ მომავალ წელს კომპანია უცხოეთში გასვლასაც გეგმავს.
"გერმანიაშიც ვფიქრობდით ბრენდული მაღაზიის გახსნას, მაგრამ ჯერჯერობით, ადგილობრივ ბაზარზე მაღაზიის გახსნამ მთელი დრო წაგვართვა, ამიტომ არ მგონია წელს მოვასწროთ. მომავალ წელს ამ საკითხის მოგვარებაზეც ვიზრუნებთ", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, ხელნაკეთი, კერამიკული ნამუშევრების, შემოქმედებითი სახელოსნო EBRA ადგილობრივ ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. სახელოსნო თბილისში, ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარეობს.