საკონდიტრო კომპანია „ასორტის“ პროდუქციის გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა.
როგორც „ასორტის“ გაყიდვების ხელმძღვანელმა, ეთო გვენცაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამჟამად კომპანია 14 ლოკაციაზე პოზიციონირებს და კიდევ ერთი ფილიალის გახსნას დეკემბერში გეგმავს.
მისი თქმით, კომპანია იანვრიდან რეგიონებშიც პოზიციონირებასაც განიხილავს.
„წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 30%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც საკმაოდ კარგი დინამიკაა. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაზარი შევისწავლეთ და ახალი პროდუქტები დავნერგეთ, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. გაზრდილია როგორც საცალო გაყიდვები, ისე კორპორაციული შეკვეთები.
წელს ძალიან კარგი შედეგი გვქონდა კორპორაციული გაყიდვებისა და „ქეითერინგის“ მიმართულებით (სხვადასხვა სახის ღონისძიებისთვის საკვების მომზადების, ადგილზე მიტანისა და სერვირების სრული სერვისი). ამ მიმართულებით სულ ვმუშაობდით, თუმცა უშუალოდ მომსახურებისა და სერვისის კუთხით ბოლო 4 წელია საკმაოდ დატვირთულად ვმუშაობთ, რამაც კარგი შედეგები აჩვენა.
კომპანია ქსელისა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. წელს ორი ახალი ფილიალი გაიხსნა - ბაგებში და პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. ახლა აბანოთუბანში იგეგმება გახსნა. ვფიქრობთ, დეკემბრის შუა რიცხვებში გავხსნით. გვსურს, რომ ახალ წლამდე მომხმარებლებს მივიღოთ. ამჟამად თბილისში „ასორტის“ 14 ფილიალია.
გარდა ამისა, იანვრიდან ძალიან აქტიური მუშაობა დაიწყება რეგიონებში გასვლაზე, სადაც ფილიალების სახით წარმოდგენილი არ ვართ, თუმცა მიტანის სერვისს ყოველთვის უზრუნველვყოფთ. წელს ძალიან ბევრი შეკვეთა გვქონდა ბათუმში, ქუთაისსა და კახეთში. ძირითადად, საქორწილო და კორპორაციულ ტორტებზე მოთხოვნა უფრო მეტად დასავლეთ საქართველოშია. ვფიქრობთ, ქუთაისსა და ბათუმში პოზიციონირებას. გვინდა, რომ საკუთარი წარმოებები დავიწყოთ. ინვესტიციის მოცულობას ვერ დავასახელებ, თუმცა ძალიან კარგ შედეგებს ველოდებით. დღეისთვის დაახლოებით 300-ზე მეტი დასაქმებული გვყავს. გაფართოებასთან ერთად ახალ თანამშრომლებსაც დავიმატებთ“, - განაცხადა ეთო გვენცაძემ.
როგორც მან აღნიშნა, კომპანია „ასორტი“ ასორტიმენტს მუდმივად აფართოებს და წელიწადში დაახლოებით 8-10 სახეობის ახალი პროდუქტი ეშვება.
„დაახლოებით 40%-ის ჩანაცვლება ხდება, დანარჩენი ახალი პროდუქტია. გვაქვს როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის შეთავაზებები. ახლა ზამთარში დაახლოებით 6 ახალი პროდუქტი დაემატება. გარდა ამისა, ტორტების მიმართულებით მრავალფეროვნება გვაქვს. მაგალითად, ახლახან მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე, დაემატა ბლინის ტორტი, რომელიც წითელი ფერისაა და ჭარხლის წვენისგან მზადდება, რაც ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ. ასევე დაემატა ყავის გემოს ტორტი",-განაცხადა ეთო გვენცაძემ.
მან აღნიშნა ისიც, რომ საკონდიტრო სფეროში ერთ-ერთი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია.
ეთო გვენცაძის განმარტებით, ამ მიზნით კომპანია „ასორტი“ დასაქმებამდე კადრებს ამზადებს.
„ეტაპობრივად კურსებს ვამატებთ. ადგილზე აყვანილი კადრი სწავლების პროცესს გადის, რამდენიმე მიმართულებას სწავლობს და შემდეგ ხდება დასაქმება. სწავლების პროცესიც ანაზღაურებადია, თუმცა მაინც არის ეს ბარიერი. სრულყოფილი ცოდნა ძალიან იშვიათია, განსაკუთრებით საკონდიტრო და სადიზაინერო მიმართულებით. სწავლება ძირითადად ინდივიდუალურია. დაახლოებით 1-დან 2 თვემდე გრძელდება საკონდიტრო მიმართულებით, ხოლო სადიზაინერო მიმართულებით 3-დან 4 თვემდე. სწავლება ფასიანი არ არის“, - განაცხადა ეთო გვენცაძემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, კომპანია „ასორტი“ მაქსიმალურად ცდილობს, ფასების კორექტირება არ მოახდინოს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ფასების ცვლილების თავიდან აცილებას ცდილობენ.
„ვცდილობთ, მინიმალური მარჟით შევძლოთ ბაზარზე მორგება. იმპორტირებული პროდუქტი ძალიან ბევრია და რთულია, ყველაფერი 100%-ით დაარეგულირო, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებლებს ფასების ცვლილება არ შეეხოთ“, - განაცხადა ეთო გვენცაძემ.
ცნობისთვის, საკონდიტრო კომპანია „ასორტი“ 2007 წელს დაარსდა და დღეს თბილისში 14 ფილიალს ფლობს. კომპანიაში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.