„შავი პარასკევის“ შეთავაზებების პერიოდში მომხმარებლების მხრიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნა ახალშობილთა პროდუქციასა და ნაძვის ხეებზე ფიქსირდება. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" Wishlist-ის დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია წელს გაყიდვების გაორმაგებას ელოდება.
როგორც სალომე ქუთათელაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, Wishlist-მა „შავ პარასკევთან“ დაკავშირებული შეთავაზებები დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო.
„ამ ეტაპზე მზარდი მოთხოვნაა ახალშობილთა პროდუქციასა და ნაძვის ხეებზე. ხვალ „თიბისი ბანკის“ "ქეშბექიც" იგეგმება, რაც, ვფიქრობთ, გაყიდვების ზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
„შავი პარასკევის“ შეთავაზებები წლიურ გაყიდვებზე დადებითად აისახება, რადგან ეს ერთ-ერთი პიკური პერიოდია ზაფხულისა და საახალწლო სეზონების პარალელურად. ტენდენცია უკვე ისეთია, რომ წინა წელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი. უშუალოდ „შავ პარასკევს“ კი გაყიდვების გაორმაგებას ველოდებით.
სააქციო შეთავაზებები პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება და შაბათ-კვირასაც იმოქმედებს. ფილიალები გახანგრძლივებული სამუშაო გრაფიკით იმუშავებენ. ის ფილიალები, რომლებიც 19:00 საათამდე მუშაობდნენ, მომხმარებლებს 22:00 საათამდე მოემსახურებიან, ხოლო „სითი მოლისა“ და „თბილისი მოლის“ ფილიალები, სავაჭრო ცენტრების მოთხოვნის შესაბამისად, ღამის 12:00 საათამდე იმუშავებენ“, – განაცხადა სალომე ქუთათელაძემ.
მისი თქმით, ამ პერიოდში ონლაინ გაყიდვები განსაკუთრებით იზრდება.
„ფაქტობრივად, ონლაინ გაყიდვები გაორმაგებულია. „შავი პარასკევის“ აქციებში ჩართული პროდუქციის მიმართ მოთხოვნა მთელი საქართველოს მასშტაბით ორჯერ არის გაზრდილი. შესაბამისად, მომხმარებლები პროდუქციას დროულად მიიღებენ. „შავი პარასკევის“ შეთავაზებები ონლაინ მოთხოვნას ფაქტობრივად აორმაგებს.
ონლაინ ვაჭრობის წილი გაყიდვებში დაახლოებით 30%-ს შეადგენს და „შავი პარასკევისა“ და საახალწლო პერიოდში იზრდება. რაც შეეხება ონლაინ გაყიდვების წილს საერთო გაყიდვებში, ის დაახლოებით 20%-ია“, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
სალომე ქუთათელაძის განმარტებით, კომპანია „შავი პარასკევისთვის“ მზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებს, რათა მომხმარებლებს პროდუქცია დროულად და სრულყოფილად მიაწოდოს.
"შავი პარასკევისთვის" ორი-სამი თვით ადრე ვემზადებით. ამ პერიოდში ხდება დამატებითი ადამიანური რესურსების მობილიზება და ავტომობილების გამოყოფა. სწორედ ამიტომ, ჩვენი ლოჯისტიკური გუნდი გაზრდილ მოთხოვნას დროულად და ეფექტიანად პასუხობს“, - განაცხადა სალომე ქუთათელაძემ.
მისივე თქმით, „შავი პარასკევის“ პერიოდში განვადებით შეძენის წილი შედარებით დაბალია, ხოლო მომხმარებლები უპირატესობას ოთხთვიან უპროცენტო გადანაწილებას ანიჭებენ.
„ამ პერიოდში განვადებით შეძენის წილი ნაკლებია. ქვეყანაში განვადებებზე ბევრი შეზღუდვა დაწესდა. მომხმარებლები ძირითადად გადანაწილების სერვისს იყენებენ, რომელიც ოთხთვიან უპროცენტო გადანაწილებას გულისხმობს. ამ მიმართულებით მოთხოვნაც პროპორციულად იზრდება“, – განაცხადა სალომე ქუთათელაძემ.
(Wishlist.ge) მაღაზია და საბავშვო პროდუქციის იმპორტიორი კომპანიაა ევროპიდან, რომელიც მომხმარებელს 50 000-ზე მეტ დასახელების ნივთს სთავაზობს. მაღაზიათა ქსელი მოიცავს ფილიალებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში (მათ შორის რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში).