"ინნ ჯგუფის" დამფუძნებლის, პაატა კოკაიას განცხადებით, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში მხოლოდ თბილისში 14 500 ბინა გაიყიდა, ხოლო ტრანზაქციების ჯამურმა მოცულობამ 1.3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მისი შეფასებით, ბაზრის ზრდას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მაღალი ნდობა განაპირობებს.
მისივე ინფორმაციით, თბილისში გაყიდული ბინების დაახლოებით 75% საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს, 11% - ისრაელის მოქალაქეებმა, 3% -რუსეთის მოქალაქეებმა, ხოლო დანარჩენი 11% სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის.
"2025 წელს უძრავი ქონების ბაზარზე სტაგნაცია იყო, თუმცა წელს, პირველ ოთხ თვეში, მხოლოდ თბილისის მიმართულებით 14 500 ბინაა გაყიდული. 1.3 მილიარდი დოლარის ტრანზაქცია შესრულდა. ფაქტია, ეს ბაზარი იზრდება, ეკონომიკა იზრდება",- აღნიშნა კოკაიამ.
პაატა კოკაია აცხადებს, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობასა და საინვესტიციო გარემოს ენდობიან, რაც უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს.
"უცხოელი ინვესტორი ენდობა საქართველოს, ენდობა ქვეყნის ეკონომიკას. იცის, რომ ეს ფული არ დაეკარგება და პირიქით, გაიზრდება. თავადაც ხედავენ, რომ ფასები იზრდება და ვფიქრობ, ეს ტრენდი შენარჩუნდება", - აღნიშნა კოკაიამ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
კოკაიას თქმით, უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისსა და ბათუმზე მოდის. განსაკუთრებით მაღალია აქტივობა ბათუმში, სადაც, მისი ინფორმაციით, უცხოელ მყიდველებს შორის ისრაელის მოქალაქეები ლიდერობენ, ხოლო შემდეგ პოზიციებზე ევროპული ქვეყნების, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.