ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება, რომლებიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებენ.
"ვმუშაობთ, ჩვენს მაგისტრალებსა და გზებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომელიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას. ჩვენი ინიციატივები არაა ერთჯერადი. ესაა კომპლექსური, ერთიანი მიდგომის ერთი ნაწილი. აქ ბევრი კომპონენტი მოიაზრება, გეგმაზომიერად მივუყვებით რეფორმების კურსს”,- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, საქართველო არაა იმდენად მდიდარი ქვეყანა, რომ ერთი და იგივე გზის მრავალჯერ დაგების ფუფუნება ქონდეს.
"ჩვენ არ ვართ იმდენად მდიდარი ქვეყანა, რომ ერთი და იგივე გზა სამჯერ დავაგოთ. ეს არ ეხება მხოლოდ გზას, ეს ეხება მთლიან ინფრასტრუქტურას. ჩვენ კატეგორიულად ვამბობთ, რომ უხარისხოს არაფერს არ ჩავიბარებთ. უნაკლო პროდუქტი უნდა მიიღოს ხალხმა. მიმდინარე პროექტებზეც გვაქვს შეფერხებები. გვირჩევნია გვქონდეს შეფერხებები, მაგრამ ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ხარისხიანი გზები და ინფრასტრუქტურა აშენდეს",-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.