ინფრასტრუქტურის სამინისტრო წელს 9.5 მილიარდი ლარის ტენდერებს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
“წელს სამინისტროს სტრუქტურებში, სადაც შედის გზების დეპარტამენტი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, დაახლოებით 9.5 მლრდ ლარის ტენდერი გამოცხადდება. 3.5 მლრდ ლარის უკვე გამოცხადებულია. დანარჩენი ეტაპობრივად გამოვა. ამაში შედის როგორც სპორტული ინფრასტრუქტურა, სკოლები ბაღები, წყალგაყვანილობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იქნება ახალი წესებით და მიდგომებით. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნებით ჩართული ამ პროცესში”,-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, ყველა ახალი ტენდერი სახელმწიფოს მხრიდან საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით გამოცხადდება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მთავრობამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის მექანიზმის დანერგვის შესახებ განაცხადა. ინდექსაცია პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს. რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას — შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.