რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, კახა კონიაშვილის შეფასებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ნედლი რძის წარმოების წახალისებისა და ბაზრის რეგულირების მიზნით შემუშავებული ახალი გეგმა, რომელიც ასევე ეტიკეტირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს მოიცავს, პროდუქციის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.
როგორ კახა კონიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, პროდუქციის თვითღირებულების ზრდა, ან შემცირება თითოეული კომპანიის წარმოების მოცულობასა და სტრუქტურაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ბიზნესისთვის უფრო ლოგისტიკური თვალსაზრისით იქნება დამატებითი ტვირთი.
"პირველ რიგში, ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანია, მომხმარებელი ინფორმირებული იყოს, თუმცა ამავდროულად რომელიმე პროდუქტის მიმართ უარყოფითი განწყობა არ უნდა შეიქმნას. ამ შემთხვევაში, საუბარია პროდუქტებზე, რომლებიც რძის ცხიმის ნაცვლად, მაგალითად, მცენარეული ცხიმითაა დამზადებული. აღნიშნული პროდუქტები აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ეტიკეტირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე უკვე გვქონდა კომუნიკაცია, მათ შორის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან. სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებას. ასევე გათვალისწინებული იქნება გარდამავალი პერიოდი და ვადები, რადგან ცვლილებები უმტკივნეულოდ განხორციელდეს. ბიზნესის შეფასებით, საჭიროა ისეთი ვადების განსაზღვრა, რა პერიოდშიც უკვე დამზადებული შესაფუთი მასალები სრულად ამოიწურება", - აღნიშნავს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
კახა კონიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" პროდუქციის ეტიკეტის დიზაინზე და შესაფუთ მასალაზე საუბრისას აცხადებს, რომ დიზაინი საქართველოში მზადდება, ხოლო შესაფუთი მასალების ძირითადი მომწოდებელი ქვეყანა თურქეთია.
"ზოგადად, ეტიკეტის დიზაინი საქართველოში მზადდება, შემდეგ კი საზღვარგარეთ იგზავნება, სადაც ხდება უშუალოდ შეფუთვის დამზადება. ამის შემდეგ უკვე გამზადებული შესაფუთი მასალა ქვეყანაში ბრუნდება და პროდუქციის ჩამოსხმის, შეფუთვისა და რეალიზაციის პროცესში გამოიყენება. შესაფუთი მასალის გარკვეული ნაწილი საქართველოშიც იწარმოება - მაგალითად, ალუმინის ფოლგა, რომელიც არაჟნისა და მაწვნის ქილებზე ვხედავთ. თუმცა ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას. იმედი მაქვს, მომავალში ეს მიმართულება განვითარდება, რადგან ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების პოტენციალი ნამდვილად გვაქვს..., - აღნიშნავს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნედლი რძის წარმოების წახალისებისთვის ახალი გეგმა შეიმუშავა. რეფორმის ფარგლებში იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის (პიქტოგრამის) დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული. ასევე სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნაწარმზე. სავაჭრო ქსელებში აღნიშნული პროდუქტები განცალკევებულად განთავსდება.
გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას. სურსათის ეროვნული სააგენტო გაამკაცრებს მონიტორინგს HoReCa სექტორში, აგრარულ ბაზრებსა და სადისტრიბუციო ქსელებში.