საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ოფიციალურად გახდა Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი, რაც ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის სრულიად ახალ გლობალურ შესაძლებლობებს ქმნის.
აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ქართულ სტარტაპებს, სააგენტოს ხელშეწყობით, წვდომა ეძლევათ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის ონლაინ ხელსაწყოებზე, წამყვან პროგრამულ უზრუნველყოფასა და ექსკლუზიურ რესურსებზე, რაც მათ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბურობაში დაეხმარება.
პროგრამის ფარგლებში, დამფუძნებლებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ Microsoft for Startups პლატფორმაზე, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ექსპერტიზას, ტექნოლოგიებსა და პოტენციურ მომხმარებლებთან კავშირის დამყარების უნიკალურ შანსს აერთიანებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული სტარტაპები პროდუქტის სწრაფი განვითარებისთვის 200 000 Azure-ის კრედიტებს მიიღებენ უფასოდ. ამასთან ერთად, ისინი ისარგებლებენ ფასდაკლებებითა და უფასო ლიცენზიებით ისეთ აუცილებელ პლატფორმებზე, როგორებიცაა GitHub, Microsoft 365, LinkedIn Premium და სხვა.
პროდუქტის განვითარების გარდა, პროგრამა სტარტაპებს ბიზნესის მასშტაბირებაშიც ეხმარება. ეს გულისხმობს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კორპორატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და მათ წარდგენას უშუალოდ Microsoft-ის კლიენტების წინაშე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ქართული სტარტაპები მიიღებენ პრიორიტეტულ საინჟინრო მხარდაჭერას სპეციალისტებისგან ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და სწრაფი ზრდისთვის.
GITA-ს გაწევრიანება ინვესტორთა ქსელში ქმნის პირდაპირ ხიდს ქართულ ინოვაციურ ეკოსისტემასა და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კორპორაციას შორის. ქართულ სტარტაპებს უკვე შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: