logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აახლებენ

საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება განახლდება. ცვლილების მიხედვით, გაფართოვდება თანამშრომლობა სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, ინვესტიციებისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

კერძოდ, შეიქმნება სპეციალური ქვეკომიტეტი, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის სასოფლო-სამეურნეო და სურსათის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნების შეთანხმებას ხელს შეუწყობს, რაც შეამცირებს სავაჭრო დაბრკოლებებს. მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორისთვის.

შეთანხმებას ემატება ახალი თავები, ერთ-ერთი ინვესტიციებს ეხება, რომელიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობის დამატებით მექანიზმებს განსაზღვრავს. მეორე კი, ელექტრონულ კომერციას შეეხება, რაც ონლაინ ვაჭრობის განვითარებასა და ამ სფეროში არსებული ბარიერების შემცირებას ისახავს მიზნად. როგორც მთავრობაში განმარტავენ, ეს განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

„საქართველო პირველია რეგიონში ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. მწარმოებლებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე შეღავათიანი წვდომის შესაძლებლობა მიეცა. არსებული შეთანხმების თანამედროვე ეკონომიკის რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა კი, გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ პარტნიორობას“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2017 წელს გაფორმდა. 

გამოგვყევით