საერთაშორისო ბაზრებზე მინიატიურულ „ვეფხისტყაოსანზე“ მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.
როგორც საქართველოს რადიოს პირდაპირ ეთერში, რუბრიკა „ბიზნესპარტნიორის“ ფარგლებში, ხელოვანმა - ნატალია კლდიაშვილმა განაცხადა, უნიკალური ზომის, ხელით შეკერილ წიგნებს, უმეტესად, ქართველი ემიგრანტები ყიდულობენ და უცხოელ მეგობრებს ჩუქნიან.
„ეს არის ძალიან გამორჩეული და განსხვავებული საჩუქარი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში, მინიატიურული „ვეფხისტყაოსანი“ საჩუქრად რომის პაპსაც კი მიართვეს. აღნიშნული წიგნის სხვა ცნობილ მფლობელებს შორის „ფეისბუკის“ დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგიცაა, რომელსაც მინიატიურული „ვეფხისტყაოსანი“ მერაბ დვალიშვილმა აჩუქა“, - განმარტა ნატალია კლდიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მინიატიურული „ვეფხისტყაოსნის“ გაყიდვები მზარდია ადგილობრივ ბაზარზეც.
„გამომცემლობა „მინიატურას“ მიერ გამოშვებული, მცირე ზომის წიგნების მიმართ ინტერესს მათი უნიკალურობა განაპირობებს. ყველა ეგზემპლარი ხელით არის შეკერილი. შემდეგ კი - ჩემ მიერ, მათი ყდა „ვეფხისტყაოსანშივე“ ნახსენები ძვირფასი ქვებით არის შემკული. ნატურალური ქვების გარდა, მინიატიურული „ვეფხისტყაოსნის“ შესამკობად გამოყენებულია ოქრო, ვერცხლი და თითბერიც. უნდა ითქვას, რომ წიგნები აბსოლუტურად ყველა ენაზეა გამოცემული“,- აღნიშნა ნატალია კლდიაშვილმა.
ცნობისთვის, პირველი მინიატიურული "ვეფხისტყაოსანი" 2012 წელს გამოიცა პოემის პირველი ბეჭდური ვერსიის 300 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც 1712 წელს დაისტამბა ვახტანგ Vl-ის სტამბაში. აღსანიშნავია, რომ ყველაზე პატარა ზომის მინიატიურული წიგნი 2.5 სანტიმეტრია.