2026 წლის მაისის თვეში, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტის მოცულობამ 668 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მაისის თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებიც რეკორდულია - საქართველოდან, ჯამში, 3,108.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც დაახლოებით 19.8%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.
როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, სახელმწიფოს არაერთი ინსტრუმენტი აქვს, რომელთა საშუალებითაც მხარს უჭერს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაცია სხვადასხვა ინსტრუმენტებით ეხმარება ბიზნესს, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეებს, ქვეყანაში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაში.
„იანვარ-მაისის პერიოდში ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები და 10,439.7 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე.
საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სწორედ ამას ემსახურება პროგრამები, რომლებიც ქვეყანას აქვს არაერთი მიმართულებით და რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს სხვადასხვა ფინანსური თუ არაფინანსური ინსტრუმენტებით ეხმარება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ექსპორტის ზრდის დინამიკასა და მზარდ ტენდენციაში“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.