logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ნედლი რძის წარმოების ზრდას სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროექტები შეუწყობს ხელს" - კახა კონიაშვილი

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, კახა კონიაშვილის შეფასებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ნედლი რძის წარმოების წახალისებისა და ბაზრის რეგულირების მიზნით შემუშავებული ახალი  გეგმა  მხარეების ინტენსიური ჩართულობით ჩამოყალიბდა და ყველასთვის მისაღებია.

როგორ კახა კონიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ნედლი რძის წარმოების ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ის პროექტები იქნება, რომლებიც უახლოეს მომავალში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდება. ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, პროექტის ფარგლებში მერძეული ფერმებისა და წარმოებების თანადაფინანსება დაიწყება.

"პროექტია ფარგლებში, როგორც სამინისტროში განგვიმარტეს თანადაფინანსების მოცულობა შესაძლოა 55%-მდე განისაზღვროს. რა თქმა უნდა, კონკრეტული მაჩვენებელი მიმართულებების მიხედვით განსხვავებული იქნება - შესაძლოა წარმოებაზე სხვა მაჩვენებელი იყოს, ფერმერული მეურნეობის მოწყობაზე კი სხვა. თუმცა, საერთო ჯამში, თანადაფინანსების მაქსიმალური წილი 55%-მდე იქნება. რაც შეეხება დაფინანსების ზედა ზღვარს, როგორც მახსოვს, ის ₾2 მლნ-ს შეადგენს.

ასევე ცვლილებების პაკეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კონტროლის მექანიზმების გამკაცრებაა. მნიშვნელოვანია, მკაცრად გაკონტროლდეს როგორც გარე ვაჭრობა, ისე HoReCa სექტორი, სადაც მომხმარებელმა ხშირად არ იცის, მაგალითად, ხაჭაპურში ან სხვა პროდუქტში რა ტიპის ყველი გამოიყენება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციები ბაზარზე არსებულ ვითარებას გააჯანსაღებს და კეთილსინდისიერი კონკურენციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. დღეს საკმაოდ რთული მდგომარეობაა - ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქტები იყიდება, ხოლო მეწარმეს, რომელიც ყველა გადასახადს იხდის და წარმოებაში უვნებელი პროდუქტის შესაქმნელად აუცილებელ სტანდარტებსა და პრაქტიკებს იცავს, პროდუქტის თვითღირებულება უფრო მაღალი აქვს, შესაბამისად, ფალსიფიცირებულ პროდუქციასთან კონკურენცია უჭირს. ეს კომპლექსური და გრძელვადიანი პროცესია. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. დღეს განხორციელებული ინვესტიციები და დაგროვებული ცოდნა შედეგს, დაახლოებით 5-6 წლის შემდეგ მოგვცემს, თუმცა მთავარი ცვლილებების დაწყებაა", - აცხადებს კახა კონიაშვილი.

ასოციაციის ხელმძღვანელი მომხმარებლების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მყიდველი სრულყოფილად ინფორმირებული უნდა იყოს, თუმცა ამ ყველაფერმა რომელიმე პროდუქტის მიმართ უარყოფითი განწყობა არ უნდა ჩამოაყალიბოს.

"ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით, როგორც ასოციაცია, ისე მერძევეობის სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით და ინტენსიურ განხილვებს ვმართავდით. ჩვენი მიზანია, მომხმარებელი ინფორმირებული იყოს, თუმცა ამავდროულად რომელიმე პროდუქტის მიმართ უარყოფითი განწყობა არ უნდა შეიქმნას. ამ შემთხვევაში საუბარია პროდუქტებზე, რომლებიც რძის ცხიმის ნაცვლად, მაგალითად, მცენარეული ცხიმითაა დამზადებული. აღნიშნული პროდუქტები აბსოლუტურად უსაფრთხოა. რეგულაციები, რომლებიც ახლა ამოქმედდება მომხმარებელს გაუადვილებს გაარჩიოს, რომელი პროდუქტია რძითა და კარაქით დამზადებული და რომელი - მცენარეული ცხიმით წარმოებული", - აცხადებს კახა კონიაშვილი.

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი "ბიზნესპარტნიორთან" ნედლი რძის წარმოების წახალისებაზე დეტალურად საუბრისას აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიმართულებით გარკვეული სახის სკეპტიციზმი არსებობს, რადგან საქართველოში პროდუქტზე მოთხოვნა ისედაც მაღალია.

"რაც შეეხება რძის წარმოების წახალისებას, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი გვაქვს და აგიხსნით რატომ - მოსაზრება, რომ აღნიშნული გეგმა ნედლ რძეზე მოთხოვნას გაზრდის და შესაბამისად, ნედლი რძის წარმოებასაც წაახალისებს, ჩვენი შეფასებით, რეალობას სრულად არ შეესაბამება. ნედლ რძეზე მოთხოვნა საქართველოში ისედაც მაღალია, რადგან ბაზარზე პროდუქტის დეფიციტია. დღეს ჩვენ მიერ წარმოებული დაახლოებით 600 მილიონი ლიტრი რძე საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქვეყნის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, პრობლემა მოთხოვნის ნაკლებობა კი არა, წარმოების მოცულობაა.

ნედლი რძის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად აღემატება, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ფასებს. ამასთან, იმპორტის გეოგრაფია საკმაოდ ფართოა. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ლოგისტიკური მარშრუტები მნიშვნელოვნად შეიცვალა. მაგალითად, თუ ადრე მშრალი რძის გარკვეული ნაწილი უკრაინიდან შემოდიოდა, დღეს ეს მიმართულება პრაქტიკულად შეჩერებულია. იმპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპის ქვეყნებიდან, ბელარუსიდან, საფრანგეთიდან და ა.შ.", - აღნიშნავს კახა კონიაშვილი.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნედლი რძის წარმოების წახალისებისთვის ახალი გეგმა შეიმუშავა. რეფორმის ფარგლებში იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის (პიქტოგრამის) დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული. ასევე სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნაწარმზე. სავაჭრო ქსელებში აღნიშნული პროდუქტები განცალკევებულად განთავსდება.

გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას. სურსათის ეროვნული სააგენტო გაამკაცრებს მონიტორინგს HoReCa სექტორში, აგრარულ ბაზრებსა და სადისტრიბუციო ქსელებში. 

გამოგვყევით