logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი საქართველოს რკინიგზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - ლაშა აბაშიძე

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით დაახლოებით 5 მილიონ ტონამდე ტვირთის გადაზიდვაა შესაძლებელი.

როგორც ლაშა აბაშიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აცხადებს, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს რკინიგზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც კომპანიის სატრანსპორტო საქმიანობაზე დადებითად აისახება.

"შუა დერეფანი ალტერნატიული დერეფანი აღარ არის - სტატისტიკა აჩვენებს, რომ საკმაოდ სტაბილური მარშრუტია. მითუმეტეს, უახლოეს პერიოდში საქართველოს რკინიგზის სახით სრულიად სხვა ორგანიზაციული შესაძლებლობები გვექნება, რაც შუა დერეფანს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ყარსის მიმართულებაც ახალი მარშრუტია. თუ აქამდე შუა დერეფანი მხოლოდ შავ ზღვაზე გადიოდა, ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით ტვირთების გადამისამართება შესაძლებელია პირდაპირ თურქეთის მიმართულებითაც. შესაბამისად, შუა დერეფანს, საქართველოს გავლით, როგორც შავ ზღვაზე, ასევე თურქეთის მიმართულებითაც ექნება გასასვლელი", - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.

ლაშა აბაშიძე საქართველოს რკინიგზის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ამჟამად, მასშტაბური პროექტები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

"მსგავსი პროექტები აქამდე არ გვქონია. ზოგადად, სალოკომოტივო პარკის სრული განახლება აუცილებელია, რადგან საკმაოდ მოძველებული ელმავლები გვყავს. მიმდინარეობს 200 ერთეული ახალი ვაგონის შესყიდვა. ასევე სამგზავრო ნაწილში დიდი გამოწვევა გვაქვს. ჩვენი ამოცანაა დავიწყოთ ისეთი პროექტი, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს მატარებლებს და ყველა მაგისტრალური რეისი ახალი მატარებლით შესრულდება. მსხვილ პროექტებს დრო სჭირდება, მაგრამ რაც მთავარია, პროცესი უკვე დაწყებულია. ყველა სამუშაო მაქსიმალურად ჩქარა მიმდინარეობს", - აცხადებს ლაშა აბაშიძე.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს.

გამოგვყევით