ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნუგზარ ბერიძის ინფორმაციით, საქართველოში განახლებადი ენერგიის მაღალი წილი ენერგოსისტემისთვის გარკვეულ გამოწვევებს ქმნის, განსაკუთრებით ქსელის მდგრადობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით.
როგორც ნუგზარ ბერიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, არსებული რისკების მართვისთვის აუცილებელია მკაფიო რეკომენდაციებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ელექტროენერგეტიკული ქსელის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
"ჩვენი პროექტები გამოყენებითი ხასიათის კვლევებს წარმოადგენს. მაგალითად, "ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიები" ენერგეტიკის კონკრეტულ სეგმენტებს ეხება, რომლებშიც ჩვენი სექტორი მოწყვლადია. აქედან გამომდინარე, საბოლოო დოკუმენტი სწორედ ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიას წარმოადგენს. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც განახლებადი ენერგია ძალიან დიდი დოზით შედის ენერგეტიკაში. ეს რა თქმა უნდა, ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის გამოწვევაა, განსაკუთრებით ქსელის მდგრადობის თვალსაზრისით. შესაბამისად, აუცილებელია მკაფიო რეკომენდაციებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ქსელის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, რომელიც გარკვეულ გარდაქმნებს მოითხოვს, განსაკუთრებით მოხმარების მართვის მიმართულებით. მაგალითად, თითოეულ საწარმოს უბალანსობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც ნიშნავს, რომ მან საკუთარი მოხმარება წინასწარ უნდა დაგეგმოს და შემდგომ ეს გეგმა შეასრულოს. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო დაგეგმილ მოხმარებას ვერ შეასრულებს, საბალანსო ბაზარზე ელექტროენერგიის დამატებით შეძენა უწევს, რაც გარკვეულწილად ძაბავს, რადგან ზედმეტი ხარჯების გაღება უწევს", - აცხადებს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი.