პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე ფასებს სახელმწიფო დაარეგულირებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული.
კონკურენციისა და მომხმარებლის დავის სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2022-2025 წლებში არაერთ შემთხვევაში პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე იმპორტიდან საცალო რეალიზაციამდე ფასნამატი 100%-ს აღემატებოდა. როგორც განმარტებით ბარათში წერია, მაღალი ფასები ადგილობრივი ფერმერების წარმოების ხარჯებს ზრდის, რაც ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება.
კანონპროექტით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესსა და პირობებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს, რომელიც შესაბამის დადგენილებას 2026 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცებს. ერთ-ერთ მოდელად განიხილება, მაქსიმალური საცალო ფასების დაწესება და იმპორტის პროცესის დამატებითი კონტროლი.
რეგულაციების დარღვევისთვის დაწესდება სანქციები. კერძოდ, პირველ დარღვევაზე ბიზნესოპერატორს გაფრთხილება მიეცემა, განმეორების შემთხვევაში 5 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მესამედ და მეტჯერ დარღვევისთვის ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება.
ინიციატორების თქმით, ცვლილების მიზანია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცენარეული წარმოშობის სოფლის მეურნეობის პროდუქციის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.