სამკერვალო საწარმო „ლიდერის“ მიერ წარმოებული მამაკაცის სამოსის საცალო გაყიდვები ნოემბრიდან დაიწყება. აღნიშნული ხაზი როგროც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე "ბატონის" ბრენდით გამოჩნდება.
როგორც სამკერვალოს დამფუძნებელმა ნინო გიორგაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, საწარმომ თანამშრომლობა დაიწყო შვედურ საკონსულტაციო ორგანიზაციასთან და სამომავლოდ გეგმავს, როგორც მამაკაცის, ასევე ბავშვის სამოსი შვედეთის ბაზარზე გაიტანოს.
„მამაკაცის ხაზის პირველ კოლექციას ზამთრისთვის ვამზადებთ. ჯერჯერობით, საცალო გაყიდვები სრულად არ დაწყებულა. ჩვენი ახალი ბრენდის საცალო გაყიდვები ნოემბრიდან დაიწყება.
რაც შეეხება სიახლეებს, რადგან ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვართ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე და კორპორაციულ შეკვეთებზე, მომხმარებლებს უფრო მეტი პროდუქცია შევთავაზეთ. ეს არის სარეკლამო, ბრენდირებული და კორპორატიული სხვადასხვა ნივთები. ჩვენთან უკვე შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა აქსესუარები, როგორიცაა თერმოსები, კალმები და სხვა სარეკლამო პროდუქცია. გარდა ამისა, ტექსტილის ქსოვილთან ერთად, გვაქვს სხვა ბრენდირებული პროდუქციაც, მაგალითად, ქოლგები და ასე შემდეგ. ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობაც. შევიძინეთ პრინტერიც, რაც საშუალებას გვაძლევს, კომპანიებს უფრო ხარისხიანი და ბრენდირებული პროდუქცია შევთავაზოთ.
გარდა ამისა, თანამშრომლობა დავიწყეთ შვედურ საკონსულტაციო ორგანიზაციასთან, რომელსაც უშუალოდ ტექსტილის სფეროში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. გვაქვს საკონსულტაციო შეხვედრები. საბოლოო მიზანია, რომ ჩვენი პროდუქცია, როგორც მამაკაცის, ასევე ბავშვის სამოსი, შვედეთის ბაზარზე შევიდეს.
ხელშეკრულება დეკემბრის ბოლომდეა. ამის შემდეგ უკვე გვექნება ზუსტი პასუხი კითხვაზე, რა წარმატება გვექნება შვედეთში და რომელი კომპანია იქნება პარტნიორი. გარდა ამისა, აქტიურად ვაფართოებთ ადგილობრივ ბაზარს და ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი რეალიზაცია, გვყავდეს კვალიფიციური გუნდი და მუდმივად ვიყოთ მათ განვითარებაზე ორიენტირებული.
ასევე დავიწყეთ სასწავლო კურსები, რომელსაც თბილისში პირველად ვახორციელებთ. მანამდე მსგავსი კურსები გორში გვქონდა და ადგილობრივი მერის მხარდაჭერით სოციალურად მოწყვლად ქალებს უფასოდ ვასწავლიდით. ახლა ანალოგიური პროექტი თბილისში დავიწყეთ.
ეს არის ფასიანი კურსი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, საწყის, საშუალო და პროფესიონალურ დონეზე შეისწავლონ ეს სფერო. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მსურველის სურვილზე, თუ რისი სწავლა უნდა და რა დონეზე.
სასწავლო კურსები ხელს უწყობს იმას, რომ კვალიფიციური კადრები ჩვენ თვითონ დავასაქმოთ და ბაზარსაც შევთავაზოთ“, - განაცხადა ნინო გიორგაძემ.
რაც შეეხება ინვესტიციებს, მისი განმარტებით, ამ მომენტისთვის კომპანიამ დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ამ ეტაპზე სამკერვალო სასკოლო ფორმის შიგნით ჩასაცმელ მაისურებსაც სთავაზობს მომხმარებლებს.
„მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური შეკვეთების შესაძლებლობაც არის. გარდა ამისა, მაისურებს ვამზადებთ და საქართველოს ნებისმიერ წერტილში ვაწვდით.
სასკოლო ფორმებში პიჯაკის ის ხარისხი, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შემოიტანა, საქართველოს ვერცერთი სამკერვალო საწარმო ამ ფასად ვერ შესთავაზებს. ვნახე შეკერილი ქსოვილი და ძალიან მისაღები ფასია.
პიჯაკის შეკერვა ერთ-ერთი რთული პროცესია ამ სფეროში. სასკოლო ფორმების ძირითად ნაწილს არ ვკერავთ, განსაკუთრებით - გოგოს პიჯაკებს. ბიჭის პიჯაკის იდენტური ქსოვილი ვიზუალურად მარტივად მოსაძიებელია.
ჩვენ რამდენიმე ინდივიდუალური შეკვეთა მივიღეთ, შარვალი და ქვედაბოლო შევკერეთ. თითოეულის ფასი დაახლოებით 50 ლარი იყო“, - განაცხადა ნინო გიორგაძემ.
მან აღნიშნა, რომ პროდუქციის უმეტეს ნაწილს ორგანული ბამბის ქსოვილით აწარმოებს, რაც, მისი თქმით, საქართველოს ბაზარზე იშვიათია.
„მომხმარებლებს მაღალ ხარისხს, ექსკლუზიურ დიზაინსა და ხელმისაწვდომ ფასებს ვთავაზობთ“,- განაცხადა ნინო გიორგაძემ.