logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კომპანია "მანნა" ფოთის ინდუსტრიულ ზონაში საწყობის გახსნას და ჩაის რეექსპორტს გეგმავს

ჩაის მწარმოებელი კომპანია „მანნა“ ფოთის ინდუსტრიულ ზონაში საწყობის გახსნას და ჩაის რეექსპორტს გეგმავს. კომპანიის დირექტორის, ირაკლი ღურჭუმელიას განცხადებით, საწყობი სავარაუდოდ, წელს აშენდება.  

„საკითხი სტრატეგიულად გადაწყვეტილია და, სავარაუდოდ, საწყობი წელს გაკეთდება. კენიურ კომპანიას ჩაის მიწოდებაზე დიდი შეკვეთები აქვს B2B სეგმენტში ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანსა და პოლონეთში. შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნებისთვის მომარაგება საქართველოდან მოხდეს, უკვე გადაწყვეტილია.

მიმდინარეობს სტრატეგიული დაგეგმარება, რომ ფოთის ინდუსტრიულ ზონაში საწყობი გვქონდეს, საიდანაც ამ ქვეყნებში რეექსპორტი განხორციელდება. ლოგისტიკურად ეს მიმართულება ძალიან მომგებიანია როგორც კომპანიისთვის, ისე კლიენტისთვის, რადგან დროს ვიგებთ. საქართველოდან ჩაის ჩატანა ყაზახეთში, აზერბაიჯანსა თუ პოლონეთში უფრო მარტივია, ვიდრე კენიიდან პროდუქტის ტრანსპორტირება“, - განაცხადა ირაკლი ღურჭუმელიამ.

მისი თქმით, წარმოებისა და მომსახურების სფეროში, თითქმის ყველა მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

ამასთან, მისი განმარტებით, ექსპორტის მიმართულებით კომპანია რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, მათ შორის პოლონეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ყაზახეთსა და თურქმენეთთან.

როგორც ირაკლი ღურჭუმელიამ განაცხადა, კომპანიის მიზანია ჩაის ექსპორტზე გატანა და „მანნას“ გლობალურ ბრენდად ჩამოყალიბება.

„კომპანია ექსპორტის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ჩამოყვანილი გვყავს ექსპორტის მენეჯერები. კენიურმა კომპანიამ ადგილობრივი ბაზარი უკვე აითვისა, ახლა კი საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა პოლონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი და ევროპის სხვა ქვეყნები. უკვე რამდენიმე შეკვეთაც მიღებულია.

ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი. საქართველოს ბაზარზე ვიქნებით მომავალი 3-4 თვის განმავლობაში, თუმცა პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დიდი შესაძლებლობები გვაქვს. როგორც კი ამ ქვეყნებში ექსპორტზე გავალთ, ჩვენი მიზანი იქნება ექსპორტის გაფართოება და „მანნას“ გლობალურ ბრენდად ჩამოყალიბება. ახალი დანადგარებიც შევიძინეთ“, - განაცხადა ირაკლი ღურჭუმელიამ.

მისი თქმით, ამჟამად კომპანია რებრენდინგის პროცესშია, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება კომპანიის ლოგო და დიზაინიც. 

„ამ ეტაპზე ძველი შეფუთვით ვაგრძელებთ მუშაობას. რებრენდინგი, რომელიც ერთ თვეში დასრულდება, მოგვცემს შესაძლებლობას, მთლიანად მოვიცვათ საქართველოს ბაზარი. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი რებრენდინგის შემდეგ მოხდება, რადგან მომავალში ძველი შეფუთვით პროდუქტის გაყიდვა აღარ განხორციელდება.

კომპანიის სახელწოდება, სავარაუდოდ, შეიცვლება და მას KTDA Georgia დაერქმევა, თუმცა ბრენდი „მანა“ დარჩება და ყოველთვის ასე იქნება. შესაძლოა, მომავალში სხვა ბრენდებიც დავამატოთ, მაგრამ ამ ეტაპზე „მანნას“ განვითარებაზე ვაგრძელებთ მუშაობას. გვსურს, „მანნა“ გლობალურ ბრენდად ვაქციოთ“, - განაცხადა ირაკლი ღურჭუმელიამ.

ამასთან, ირაკლი ღურჭუმელიას განცხადებით, ჩაის წარმოებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი ადგილობრივი ბაზრიდან იქნება შეძენილი.

„შავი ჩაი კენიიდან შემოდის, რადგან მათ საკუთარი პლანტაციები აქვთ. ყველა დანარჩენი ინგრედიენტი, რომელსაც წარმოებაში ვიყენებთ, იქნება ეს პიტნა თუ სხვა პროდუქტი, აუცილებლად ადგილობრივი ბაზრიდან იქნება შეძენილი.

ქართულ ჩაის ამ ეტაპზე ვერ ვიბარებთ, რადგან კენიურ ჩაისთან შედარებით საკმაოდ ძვირია. კენიური ჩაი თავისი გემოვნური თვისებებითა და ფერით არის ცნობილი. მათ იმდენი ჩაი აქვთ, რომ სავარაუდოდ, ქართული ჩაის გამოყენება სამომავლოდ არ განიხილება“,- განაცხადა ირაკლი ღურჭუმელიამ.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამმუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა და პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდან ჩაეშვა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში. ჩაი "მანნას" საკონტროლო პაკეტი კენიურმა კომპანია KTDA-მ შეიძინა. 

რაც შეეხება KTDA-ს - KTDA (Kenya Tea Development Agency) კენიის ჩაის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. კომპანია 69 ჩაის გადამამუშავებელ ქარხანას აერთიანებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩაის წარმოების, გადამუშავების, შეფუთვისა და ექსპორტის მიმართულებით.

გამოგვყევით