ამერიკული ლუქს-ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურ წარმომადგენლობას იწყებს.
General Motors-მა და Lynx Motors-მა Cadillac-ის საქართველოში შემოსვლა დააანონსეს.
ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში Lynx Motors იქნება, რომელიც Cadillac-ის გაყიდვებს, მომსახურებასა და ადგილობრივ ოპერაციებს უხელმძღვანელებს.
Cadillac-ისთვის საქართველოს ბაზარზე გამოჩენა General Motors-ის უფრო ფართო რეგიონული გაფართოების ნაწილია. კომპანიის სტრატეგია ცენტრალური აზიისა და კავკასიის მიმართულებით პრემიუმ და ლუქს-სეგმენტის გაძლიერებას ითვალისწინებს.
საქართველოს ბაზარზე Cadillac-ის პირველი ოფიციალური სივრცე თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე განთავსდება. ახალი ობიექტი რამდენიმე სართულიანი იქნება და მომხმარებლებს ავტომობილების შოურუმთან ერთად სპეციალიზებულ სერვისცენტრსა და პრემიუმ ლაუნჯსაც შესთავაზებს. (Interpress News)
General Motors-ის შეფასებით, საქართველოს ბაზარი ბრენდისთვის საინტერესოა როგორც პრემიუმ ავტომობილებზე მოთხოვნის, ისე ამერიკული ბრენდების მიმართ მომხმარებლის ინტერესის გამო.
Cadillac-ის საქართველოში შემოსვლით კომპანია ადგილობრივ ბაზარზე არა მხოლოდ ახალი ავტომობილების გაყიდვას, არამედ ბრენდისთვის დამახასიათებელი სრული პრემიუმ გამოცდილების შექმნას გეგმავს — ავტომობილის შეძენიდან ტექნიკურ მომსახურებამდე.
შოურუმის გახსნის ზუსტი თარიღი და საქართველოში წარმოდგენილი Cadillac-ის მოდელების ჩამონათვალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
თამარ გაზდელიანი