ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას განცხადებით, საქართველოს წლის პირველ ნახევარში მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.
როგორც მიხეილ დუნდუამ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, სწორედ ეს აისახა მსოფლიო ბანკის შეფასებაში, რომელიც 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის.
„მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვნად გაზრდა პროგნოზის მაჩვენებელი. ასევე, გაზარდა ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოსთან მიმართებით. ბოლო იყო მსოფლიო ბანკის პროგნოზი და ახლა სავალუტო ფონდს ველოდებით. აღწერა კიდეც, თუ რატომ არის რეალისტური მოლოდინი იმიტომ, რომ საქართველოს აქვს ჯანსაღი ეკონომიკური და მაკროეკონომიკური პოლიტიკა. წლის პირველ ნახევარში მაღალი ეკონომიკური ზრდის დემონსტრირების მაჩვენებელი გვაქვს. შემცირებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ნახევარი წლის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, საუკეთესოა წლის პირველი ნახევრისთვის ისტორიული თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვნად არის შემცირებული სახელმწიფო ვალი“,-განაცხადა დუნდუამ.
მისი თქმით, თვეების განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდის დემონსტრირება ყველა საერთაშორისო ინსტიტუტს პირდაპირ სიგნალს აძლევს, რომ საქართველოს წელს ძლიერი ეკონომიკური ზრდა ექნება და მსოფლიო ბანკის შეფასებაც ასეთი იყო.
ამასთან, მიხეილ დუნდუას განცხადებით, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება “საერთაშორისო სავალუტო ფონდის”(IMF) განახლებული პროგნოზი, სადაც შეფასებული იქნება, რამდენად მსყიდველუნარიანი ეკონომიკაა საქართველოში.
„საქართველოში ამ თვალსაზრისით მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ასევე, მოსახლეობისთვის უმჯობესდება ისეთი პარამეტრები, როგორიცაა სიღარიბის შემცირება“,-განაცხადა დუნდუამ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ დავინახოთ, რეალურად იზრდება თუ არა ეკონომიკა, რეალური მშპის ზრდის ტემპს უნდა დავაკვირდეთ.
„თუ რეალური მშპის ზრდის ტემპი არის მაღალი, ეს ნიშნავს, რომ გაცილებით უმჯობესდება რეალური შემოსავალი, ვიდრე შეიძლება ეს ინფლაციამ „შეჭამოს“. ინფლაციის გათვალისწინებითა და გამოკლებით, ეკონომიკური ზრდა 7%-ია. ეს რომ რეალური შემოსავლების მატებაა და მოსახლეობის შემოსავლებზე მართლაც აისახება, ამის ყველაზე კარგი დასტური არის საქართველოს ბიუჯეტი, სადაც სახელფასო გადასახადი რაც არის, მაქსიმუმამდეა გაზრდილი და პირდაპირ აჩვენებს იმ ტენდენციებს, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთდღეობაზე აისახება. მისი ინკლუზიურობა გამოიხატება იმაშიც, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული“,-განაცხადა დუნდუამ.
შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკი 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის - ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს გარდა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სომხეთისთვისაც, 5.6%-მდე გაიზარდა. ამასთან, მსოფლიო ბანკმა აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.2%-მდე შეამცირა.
მსოფლიო ბანკის 2026 წლის პროგნოზები რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის ასე გამოიყურება: მოლდოვა - 1.9%, უკრაინა 1.2%, ყაზახეთი - 4.6%, რუსეთი - 0.8%, თურქეთი - 2.8%.