logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

1795524900

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.

მომხსენებელმა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებულია 6,8%-ის, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი - 5,2%-ის ოდენობით, ნომინალური მშპ გადააჭარბებს 120 მილიარდს ლარს და ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 27 850.0 მილიონ ლარს. მისი განცხადებით, მთავრობის ვალი იქნება 30.0%-ის ფარგლებში, საბიუჯეტო დეფიციტი - მშპ-ის 1.2%.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტში აისახა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტებული მონაცემები.

მომხსენებლის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებში ძირითადად ზრდა საგადასახადო შემოსავლებს ეხება, რომლის მოცულობა 810,0 მილიონი ლარით იზრდება და 27 850,0 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო შემოსავლები გაზრდილია ყველა ძირითადი მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად იზრდება 466,2 მილიონი ლარით და 31 347,5 მილიონ ლარს შეადგენს.

ცვლილებების მიხედვით: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 50,0 მილიონი ლარით; სპორტის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 35,8 მილიონი ლარით; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 10 მილიონი ლარით; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 353,2 მილიონი ლარით; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 417,4 მილიონი ლარით; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 45,2 მილიონი ლარით; იუსტიციის სამინისტროს ასიგნებები მცირდება 17,7 მილიონი ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ძირითადი ფინანსური დოკუმენტის შესახებ მოსაზრებები ეროვნული ბანკისა და გენერალური აუდიტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

პარლამენტის წევრებმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს მხარი 77 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

გამოგვყევით