ავტომობილების რეექსპორტს საერთოდ აზრი აღარ აქვს, 90%-იანი ვარდნა იყო აქამდე და ალბათ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო აიწევს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია CarMark-ის დირექტორმა, ირაკლი კუხიანიძემ განუცხადა.
ის იმ ახალი გადასახადის დაწესების საკითხს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის 16 ნოემბრიდან, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის სერვისისთვის დამატებით, 450 ლარის მოსაკრებელი ამოქმედდა.
კუხიანიძის განმარტებით, ახალი მოსაკრებელი ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი დარგის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
„მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადახდა ფორმალურად მომხმარებელს ეკისრება, ბაზარზე არსებული მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსის გამო, ხარჯის მნიშვნელოვანი ნაწილის საკუთარ თავზე აღება მაინც ავტო იმპორტიორს მოუწევს - ახალი გადასახადი გააძვირებს საბოლოო პროდუქტს, კლიენტი კი დაიწყებს ფასზე ვაჭრობას“, - განმარტა CarMark-ის დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, დარგისთვის ახალი გადასახადის დაწესება სიურპრიზი აღმოჩნდა.
„ვფიქრობდით, რომ პირიქით, რაღაც ხელშეწყობა იქნებოდა რეექსპორტისთვის, თუმცა სრულიად მოულოდნელად, მივიღეთ გაძვირებული ტარიფი. ცხადია, ცალკე აღებული 450 ლარი არ არის დიდი თანხა, თუმცა, იქ განბაჟების ტარიფები გაძვირდა, იქ - ავტომობილების ტრანსპორტირება და ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად დააწვა ბიზნესს“, - აღნიშნა ირაკლი კუხიანიძემ.
როგორც CarMark-ის დირექტორი ამბობს, ადრე 600-650 ლარამდე ჯდებოდა რეექსპორტი და ახლა, ამ 450 ლარიანი მოსაკრებლის დაწესებით, ავტომობილის რეექსპორტთან დაკავშირებულმა ჯამურმა ხარჯმა უკვე 1 000 ლარს გადააჭარბა.
ცნობისთვის, 2026 წელი ქართული ავტოინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მოგების შემცირებაზე, ნაწილი კი - ამ ბიზნესიდან გასვლაზე საუბრობს. ის, რომ დარგში პრობლემებია, ცხადყოფს ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლებიც. საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან უცხოეთში ავტომობილების ექსპორტი, თითქმის, 25%-ით, 1.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.