საქართველოში ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების ქსელი ფართოვდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ E-space-ს გენერალურმა დირექტორმა, დავით იოსავამ განუცხადა, მიმდინარე წლის ბოლომდე, კომპანია სწრაფი დამტენების რაოდენობას გააორმაგებს.
„მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე 40-მდე სწრაფი დამტენი გვქონდა და ვაპირებთ, ამ წლის ბოლომდე მათი რაოდენობა, სულ მცირე, გავაორმაგოთ. რაც შეეხება 2027 წლის გეგმებს - გვინდა, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის, ჯამში, 150 სწრაფი დამტენი გვქონდეს დამონტაჟებული“, - აღნიშნა E-space-ს გენერალურმა დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოში 650-ზე მეტი ელექტროდამტენია. აქედან, თითქმის 50% -ზე მეტი სწრაფია.
თუმცა, ქვეყანაში რეკორდულად გაზრდილი ელექტრო ავტომობილების რაოდენობის ფონზე, დავით იოსავას მიაჩნია, რომ აუცილებელია დამტენების ქსელების კიდევ უფრო სწრაფ ტემპში განვითარება.
„მათ შორს, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულ ადგილებზე არა მხოლოდ თითო დამტენის დამონტაჟება, არამედ ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების ჰაბების მოწყობა, სადაც ერთდროულად ბევრი მომხმარებელი შეძლებს მანქანის დამუხტვას. ამ კუთხით, ქვეყანაში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია და რამდენიმე ასეთი ჰაბიც არსებობს, თუმცა მხოლოდ მსხვილ ქალაქებში“, - განმარტა დავით იოსავამ.
ცნობისთვის, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი სწრაფი ტემპით იზრდება. მიმდინარე წლის 8 თვეში, ქვეყანაში 135 მილიონი დოლარის ღირებულების 9 417 ელექტრო მანქანა იმპორტირდა.