logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ალექსანდრე სუდაძე - ვირტუალური აქტივების რეგულაციებითა და ცნობადობით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ

კრიპტოვალუტების სერტიფიცირებული ექსპერტის, ალექსანდრე სუდაძის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში ვირტუალური აქტივების რეგულაციების, კრიპტოვალუტის აქტივების გააზრებისა და ბიზნესში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, რეგულირება გარდაუვალი პროცესია და ნებისმიერი აქტივი სახელმწიფო იურისდიქციაში საჭიროებს რეგულირებას, ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, შედეგად კი ორი წლის განმავლობაში საქართველოში 43 VASP-ლიცენზირებული ორგანიზაციაა.

„ნებისმიერ აქტივს რეგულირება სჭირდება. ჩვენ რეგულაციებითა და ცნობადობით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ, თუმცა ყოველი რეგულაციის შემოღება არის გარკვეული რისკი, როგორც მოსახლეობისთვის და ბიზნესმენებისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის. დამეთანხმებით, რომ რეგულაცია არავის უყვარს, თუმცა რეგულირება გარდაუვალი პროცესია“, - განაცხადა ალექსანდრე სუდაძემ.

მისი თქმით, საქართველო იცავს ევროპული რეგულირების, მათ შორის MiCA-ს და FATF-ის სტანდარტებს, შესაბამისად VASP და PSP ლიცენზირების კუთხით საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საინტერესო ლოკაციად აღიქმება.

„ინვესტორი, როდესაც სახელმწიფოში ან იურისდიქციაში შედის, მისთვის მთავარი პრინციპი არის უსაფრთხოება. მან თავისი აქტივების დაცულობა უნდა იგრძნოს. საქართველო იცავს ევროპული რეგულირების, მათ შორის MiCA-ს და FATF-ის სტანდარტებს, შესაბამისად VASP და PSP ლიცენზირების კუთხით საქართველო საერთაშoრისო ორგანიზაციების მხრიდან დანახულია როგორც საინტერესო ლოკაცია და როგორც ვირტუალური აქტივების მეგობარი ქვეყანა,“ - განაცხადა ალექსანდრე სუდაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.

რეგისტრაციის და რეგულირების წესს დაემატა რისკების მართვის ჩარჩოს მარეგულირებელი მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს საოპერაციო რისკების შეფასებასა და კონტროლს, კიბერუსაფრთხოებას, საოპერაციო პროცესების მართვისა და ბიზნეს უწყვეტობის გეგმას. ასევე განისაზღვრა სარეგისტრაციო მოთხოვნები იმ პროვაიდერებისთვის, რომლებიც გეგმავენ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურების განხორციელებას. მათ შორის, მოთხოვნები კორპორაციულ მართვასთან, საზედამხედველო კაპიტალსა და შეთავაზების დოკუმენტთან მიმართებაში.

აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციას, ეკოსისტემისადმი ნდობის გაძლიერებასა და სექტორის მდგრად განვითარებას.

გამოგვყევით