logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"კიდევ უნდა გადაიხედოს დადგენილება და ინდექსაცია  2026 წელს დაკონტრაქტებულ პროექტებსაც შეეხოს" - ნათია ხვედელიძე

„მნიშვნელოვანია, კიდევ გადაიხედოს ეს დადგენილება და ინდექსაცია  2026 წელს დაკონტრაქტებულ პროექტებსაც შეეხოს.“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „დიკა 2010-ის“ დირექტორმა  ნათია ხვედელიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის გამოყენების წესის განახლებულ რედაქციაში  ბიზნესისთვის ხელშესახები და მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა.

„ხელშესახები და მნიშვნელოვანი არაფერი არ შეცვლილა ინდექსაციის პირვანდელ დადგენილებასთან მიმართებით. სექტორი ითხოვდა ვადების ცვლილებას, რაც გულისხმობს იმას, რომ 2027 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2026 წელს დაკონტრაქტებულ პროექტებსაც შეხებოდა ინდექსაცია. ეს ცვლილება არ განხორციელებულა. ასევე არ შესულა ცვლილება პროცენტულობასთან მიმართებაში. ანაზღაურება კვლავ 60% დარჩა. რაღაც ნაწილში გამკაცრდა მოთხოვნები. მაგალითად,  კომპანიები როდესაც წარადგენენ განაცხადს ინდექსაციასთან დაკავშირებით,  2 თვის ვადაში თუ არ მიიტანეს "საქსტატიდან" შესაბამისი დასკვნა, შემსყიდველს უფლება ექნება გამოითხოვოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია ასეთის არსებობის შემთხვევაში,“-აღნიშნა ნათია ხვედელიძემ.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ინდექსაცია მიმდინარე წელს დაკონტრაქტებულ პროექტებს არ შეეხება, ბიზნესი დაწყებული სამუშაოების შესრულებას ვერ შეძლებს. ამის მიზეზი კი მნიშვნელოვნად გაზრდილი ხარჯებია. იქიდან გამომდინარე რომ საწვავის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, კომპანიებს გაუძვირდათ როგორც ადგილობრივი წარმოების ისე იმპორტირებული სამშენებლო მასალები

„საწვავის ნიშნულმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია აქედან გამომდინარე კომპანიებს გაგვიძვირდა ყველა მასალა.  გარკვეულ შემთხვევაში კომპანიები ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე რომ, სახარჯთაღრიცხვო ნაწილში ღირებულებას სცდება შესასრულებელი სამუშაოების ხარჯი.  დადგენილებაში წერია, რომ 2027 წლის პირველი იანვრიდან დაკონტრაქტებულ პროექტებს შეეხება ინდექსაცია და ანაზღაურება დაიწყება 2028 წლის პირველი იანვრიდან. ეს დათქმა აზიანებს ბიზნესს და 2028 წლის პირველ იანვრამდე შესაძლოა ბევრი შეწყვეტილი ხელშეკრულება მივიღოთ და ბევრმა კომპანიამ, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს სამუშაოებს, ფიზიკურად ვერ გაუძლოს ფინანსურ ზეწოლას. ისევ ინფრასტრუქტურული პროექტების ვადაში შესრულებისთვის აუცილებელია რეალური ცვლილებები,“-აღნიშნა ნათია ხვედელიძემ.

მისივე თქმით,  ინდექსაცია პირდაპირი წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებსაც არ ეხება.

„არიან კომპანიები, რომლებსაც პირდაპირი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები აქვთ მრავალმინიონიანი და ეს კომპანიებიც მნიშვნელოვნად დაზარალდებიან.“ -განმარტა ნათია ხვედელიძემ.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის გამოყენების წესში ცვლილებები შევიდა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ინდექსაცია სრული მასშტაბით 2027 წლის პირველი იანვრიდან გამოცხადებულ ტენდერებზე გავრცელდება.

გამოგვყევით