ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებას საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ არსებული ინფლაციური რისკებისა და ეკონომიკურ ზრდაზე შესაძლო გავლენის გათვალისწინებით, გადაწყვეტილება მოსალოდნელი და ლოგიკური იყო.
როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ მარეგულირებელი მიმდინარე რისკებს აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს.
"მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მკაცრ დონეზე რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეის მდგომარეობით ინფლაციისგან გამოწვეული რისკები სრულად არ არის აღმოფხვრილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. როგორც ვიხილეთ ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ველოდებით დოლარზე რა გადაწყვეტილებას მიღებს აშშ-ში ფედერალური რეზერვი. რაც შეეხება ინფლაციის შინაარსს - დღეის მდგომარეობით, ინფლაციის ძირითადი შინაარსი უფრო მეტად კავშირშია იმ პროდუქტების თვითღირებულებასთან, რისი მიწოდებაც ხდება მომხმარებელზე და არა მოთხოვნის ზრდაზე. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა არ მოხდა - შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ეროვნული ბანკი სიტუაციას აკვირდება და რეაგირებას მოახდენს იმის შედეგად, თუ რისკები კვლავ დღის წესრიგში იქნება. ნავთობის ფასი, რომელმაც უკვე შემცირების დინამიკა აჩვენა, კვლავ იძლევა იმედს, რომ ინფლაციის მაჩვენებელს მეტ-ნაკლებად შეამცირებს და ამ პროცესში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ შეიძლება უარყოფითი როლი შეასრულოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო დღევანდელი გადაწყვეტილება.
მკაცრი მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ ნიშნავს ლარზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს. ანუ, რაც უფრო მაღალია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მით უფრო მაღალია ლარის რესურსი. ასევე, სესხები ლარში ძვირდება. მეორე მხარეს გვაქვს სადეპოზიტო ბაზა, სადაც ლარი მყარია. ლარში ინვესტირება და დეპოზიტზე თანხის განთავსება უფრო საინტერესო გახდა. დღეს დეპოზიტების ლარიზაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს, როდესაც დაკრედიტების კუთხით ვხედავთ, რომ ან შეჩერებულია, ან დოლარიზაციის მაჩვენებელი მინიმალურად, მაგრამ მაინც ზრდას აჩვენებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ აისახება პროცენტზე, ანუ ეკონომიკის დაფინანსების ნაწილზე. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ლარი არ ძვირდება, მოსალოდნელია ყველა ვალუტის რა ვალუტაშიც სესხების მიწოდება ხდება, მინიმალური ზრდა”, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
რაც შეეხება არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვრის 750 000 ლარიდან 1 მლნ ლარამდე ზრდას - როგორც ალექსანდრე ძნელაძე აჩხადებს, ეს უფრო მეტად საშუალო კომპანიების დაფინანსებაზე აისახება, ვიდრე ფიზიკური პირების დაფინანსებაზე, რადგან ძალიან მცირე ნაწილია იმ ფიზიკური პირების, რომელიც ამ ზღვარში ხვდებოდა.
მანვე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ მომხმარებლის სავალუტო რისკისგან დაცვისთვის კეთდება, არამედ ლარიზაციის ხელშეწყობისთვისაც.
"სებ-მა მიიღო გადაწყვეტილება და ლარში დასაფინანსებელი სესხების ზღვარი მილიონ ლარამდე გაზარდა, ანუ შეზღუდა უცხოურ ვალუტაში დაფინანსება. როდესაც ქვეყანას გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ლარიზაციისკენ უნდა წავიდეს - მთელი პოლიტიკა მოწყობილია იმაზე, რომ მაღალი ლარიზაციის შემთხვევაში როგორ რეაგირებდეს მარეგულირებელი და მთავრობა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ასახვა ეკონომიკაზე, ინფლაციაზე და ყველა მაჩვენებელზე მოხდეს მომენტალურად”, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 17 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.