logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია "გრინგოლდი" აზიურ ბაზარზე გავიდა

ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია "გრინგოლდი"აზიურ ბაზარზე გავიდა. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, წარმოების ხელმძღვანელი, ნიკა სიორიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ჩინეთსა და იაპონიაში დაახლოებით 3 ტონა ჩაის ექსპორტის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

მისივე ცნობით, საექსპორტო მოცულობის დიდ წილს დაახლოებით 60%-ს ჩინეთი იკავებს. ამასთან, ნიკა სიორიძის ინფორმაციით, აზიის ქვეყნებში ქართული ორგანული ჩაი განსხვავებული გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე ძალიან მოსწონთ.

"ზოგადად, ჩვენი პროდუქტის, დაახლოებით 30%-ი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, დიდი ნაწილი კი 70%-ი უცხოეთში გადის. აზიის ქვეყნებში, მაგალითად, იაპონიასა და ჩინეთში, დაახლოებით 3 ტონა ჩაის ექსპორტზე კონტრაქტი უკვე გაფორმებული გვაქვს. პროდუქციის დიდი ნაწილი უკვე გაგზავნილია, თუმცა ახლა ეტაპობრივად, პარტიების სახითაც ვაწვდით. დაახლოებით 10 დღეში კიდევ 1.5 ტონა ჩაის გავაგზავნით, რათა ბაზრის ათვისება თანმიმდევრულად მოხდეს. ჩვენი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს შავ, მწვანე, მოხალულ შავ, ყვითელ და თეთრ ჩაის. კომპანიის მიზანი ახალი გემოებისა და მიმართულებების შექმნა იყო, რადგან მხოლოდ კლასიკური შავი ჩაით, რომელიც საქართველოში ტრადიციულად იწარმოება, საერთაშორისო ბაზრისთვის კონკურენციის გაწევა რთულია. სწორედ ამიტომ, ასორტიმენტს მუდმივად ვაფართოებთ და ამ შემთხვევაში აზიელ მომხმარებლებს ახალ, ქართულ ორგანულ პროდუქტებს ვთავაზობთ.

ჩვენს უცხოელ პარტნიორთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, თუმცა ამ ეტაპზე, ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი პარტნიორი კომპანიის სახელს ვერ გავამხელ. მთავარია, ქართული ჩაი აზიურ ბაზარზე ორგანული სტატუსით შევიდა. ყველამ იცის, რომ მაგალითად, ჩინეთი ჩაის სამშობლოა, თუმცა საქართველო მათთვის ახალი გემოსთან ასოცირდება. ქართული ორგანული ჩაით დაინტერესდნენ, რაც ნიშნავს, რომ თუ საკუთარ ნიშას დავიმკვიდრებთ, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება", - აცხადებს ნიკა სიორიძე.

"გრინგოლდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანია ივლისის დასაწყისში გერმანიაში ქართული ჩაის კონგრესის გამართვას გეგმავს.

"საექსპორტო ქვეყნების ზრდაზე მუდმივად ვმუშაობთ. მაგალითად, ივლისის დასაწყისში გერმანიაში ქართული ჩაის კონგრესის გამართვას ვგეგმავთ, სადაც მოწვეული იქნებიან გერმანული ჩაის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია მათ ქართული ჩაის პოტენციალი გავაცნოთ და არსებული შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ. ვიზიტი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გერმანია ევროპული ჩაის ერთ-ერთ მთავარ ჰაბად ითვლება, ამიტომ გვინდა ქართული ჩაის პოპულარიზაციას სწორედ აღნიშნული ბაზრიდან შევუწყოთ ხელი. ცხადია, ეს ყველაფერი ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა თუ ადგილობრივი იმპორტიორი კომპანიები ქართულ პროდუქტს გაეცნობიან და მის ხარისხს დადებითად შეაფასებენ დიდი მიღწევა იქნება", - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანიის "გრინგოლდი"-ს პლანტაციები, რომელიც 29 ჰექტარს მოიცავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაგომარში მდებარეობს. "გრინგოლდი" 20 სახის ჩაის აწარმოებს. პროდუქცია წარმოდგენილია ადგილობრივ ბაზარზე ქსელურ მარკეტებში: "სპარი", "ორ ნაბიჯი", "დეილი", "გუდვილი" და ა.შ. ამასთან, "გრინგოლდი"-ს საექსპორტო ქვეყნებია: ჩეხეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა. 

გამოგვყევით