სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის, თამთა სოფრომაძის ინფორმაციით, მიუხედავად ძლიერი საგარეო შოკისა, საქართველოს საგარეო ბალანსი საკმაოდ ძლიერია. ამასთან, როგორც თამთა სოფრომაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, ბოლო მონაცემებით, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 15%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა.
"მაღალ ინფლაციური და დაბალ ინფლაციური რისკის სცენარები არსებული მდგომარეობით ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან სრულ თანხვედრაშია. თუმცა გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი გაურკვევლობა და რისკი არსებობს. თუ აღნიშნული მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა, მოსალოდნელია ნავთობის ფასების ზრდის გაგრძელება, რაც დამატებით ინფლაციურ ზეწოლას შექმნის და 3%-დან გადახრილი ინფლაცია ხანგრძლივად შენარჩუნდება. ასეთ შემთხვევაში, თუ რისკი რეალიზდა, მონეტარული პოლიტიკის რეაგირებაც შესაბამისი იქნება - მოსალოდნელია უფრო მაღალი მონეტარული პოლიტიკის ტრაექტორია. ამასთან, ჩვენ დაბალ ინფლაციური სცენარის განვითარების შესაძლებლობასაც ვხედავთ. ტენდენციები აჩვენებს, რომ მიუხედავად ძლიერი საგარეო შოკისა, საქართველოს საგარეო ბალანსი საკმაოდ ძლიერია. ბოლო მონაცემებით, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 15%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა", – აღნიშნავს სებ-ის წარმომადგენელი.
თამთა სოფრომაძე ეკონომიკური ზრდის ტემპსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ გაზრდილი მაჩვენებელი ძირითადად მაღალპროდუქტიული სექტორების ზრდითაა განპირობებული.
"ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 8.3%-ს შეადგენს, რაც ძირითადად მაღალპროდუქტიული სექტორების ზრდითაა გამოწვეული, მაგალითად, როგორიცაა IT სექტორი. რადგან ეკონომიკური ზრდა სწორედ მაღალპროდუქტიული სექტორებიდან მომდინარეობს, ეს დამატებით ჭარბი მოთხოვნიდან ფასებზე ზეწოლადს არ ქმნის და ამავდროულად, საგარეო მდგომარეობის გაუმჯობესებასაც განაპირობებს", - აცხადებს სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
თამთა სოფრომაძე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.25%-ზე შენარჩუნდა, მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა.
"მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მთავარი მოტივი საქართველოში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-თან ახლოს უნდა იყოს. მოკლევადიან პერიოდში, საგარეო შოკების გავლენით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს", - აცხადებს სებ-ის წარმომადგენელი.