საქართველოში მაკარონის იმპორტის 75%-ს ხუთი კომპანია ინაწილებს. ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მოკვლევაშია საუბარი. უწყების ინფორმაციით, ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია და ქვეყანაში საერთო ჯამში 75 კომპანია ოპერირებს.
ამასთან, 2025 წელს მაკარონის იმპორტის ღირებულებამ 29 მილიონ ლარს, ხოლო მოცულობამ 10 ათას ტონას გადააჭარბა.
იმპორტის ძირითადი ნაწილი, 45% იტალიიდან ხორციელდება. ოთხეულში რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი არიან.
რაც შეეხება ბრინჯს, 2025 წელს ბრინჯის იმპორტმა 30.6 მლნ ლარი შეადგინა და ბაზარზე 60 ეკონომიკური აგენტი ოპერირებდა. ამ შემთხვევაშიც იმპორტის ძირითად წილს 5 კომპანია ინაწილებს. იმპორტი ძირითადად ინდოეთიდან და პაკისტანიდან ხორციელდება.