logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ნოვამ" პოლიეთილენის მცირე ზომის ბიდონების წარმოება დაიწყო

"ნოვამ" პოლიეთილენის  მცირე ზომის ბიდონების (სითხის - წყლის, რძის, ზეთის და ა.შ. შესანახი ჭურჭელი) წარმოება დაიწყო.

როგორც სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, წარმოების განვითარებისთვის კომპანიამ მილიონი ლარი დახარჯა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ამ მიმართულებით წარმოება აქამდე არ არსებობდა. 

"აღნიშნული წარმოება მაისში ავამუშავეთ. პროდუქტი ძირითადად საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის გამოიყენება. ბიდონები გვაქვს ძირითადად 20 ლიტრიდან 220 ლიტრის ჩათვლით. წარმოება ჩვენი საწარმოს ტერიტორიაზეა, უბრალოდ ახალი დანადგარი დავამატეთ. 

ზოგადად, კომპანიისთვის წარმოება პრიორიტეტული მიმართულებაა და მუდმივად ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ახალი დანადგარი დავამატოთ და ამ მიმართულებით განვვითარდეთ", - აცხადებს ედიშერ ხიმშიაშვილი. 

მანვე აღნიშნა, რომ ადგილობრივ ბაზარზე სამშენებლო და სარემონტო მასალების კუთხით კონკურენცია მაღალია, რადგან ბაზარი ლიბერალურია, თუმცა კომპანიის გაყიდვები მზარდია და მიმდინარე წლის დახურვას "ნოვა", 10%-იანი ზრდით გეგმავს.  

ცნობისთვის, "ნოვას" 5 საკუთარი ფილიალი და 5 ფრენჩაიზი აქვს. სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია - „ნოვა“ საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა:  NIPPON PAINT-ის ჯგუფი - BETEK, FAWORI;  SAINT GOBAIN-ის ჯგუფი - IZOCAM, RIGIPS;  INGCO; BIEN.

გამოგვყევით