გაზრდილი ტურისტული ნაკადების ფონზე, აჭარის რეგიონში განთავსების ობიექტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საკითხზე „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს გაზრდილი მოთხოვნები მოსდევს. შესაბამისად, განთავსების ობიექტებზეც არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ამ მიმართულებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმში ყოველწლიურად იზრდება სხვადასხვა კატეგორიის განთავსების ობიექტების რაოდენობა, ეს იქნება: მაღალი კლასის, ბრენდული სასტუმროები, აპარტოტელები, ბუტიკური ტიპის, თუ საოჯახო სასტუმროები“,- აღნიშნა თინათინ ზოიძემ.
თუმცა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ აქვე განმარტა, რომ კვლავ რჩება რიგი კატეგორიის სასტუმროები, რომლებზეც მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. „ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად მუშაობს სახელმწიფო, კერძო სექტორთან ერთად, ისეთი პროექტების ფარგლებში, რომლებიც ხელს უწყობს სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებას. თუ ავიღებთ მაგალითად მთიან მუნიციპალიტეტებს, დაახლოებით, 20%-ით მზარდია იქ საოჯახო სასტუმროებისა და ზოგადად, ტურისტული ობიექტების რიცხვი“, - განმარტა თინათინ ზოიძემ.
მისივე თქმით, მოთხოვნას კონკრეტულ ობიექტებზე ბაზარი არეგულირებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესსექტორი შეძლებს სრულად დააკმაყოფილოს ის მოთხოვნა, რაც აჭარის რეგიონში განთავსების ობიექტებზე არსებობს. ამ ეტაპზე, სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების რაოდენობა ჩვენს რეგიონში საკმარისია“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ.
მისივე ინფორმაციით, აჭარაში სტატისტიკური მონაცემებით, ვიზიტების რაოდენობა მუდმივად მზარდია. საშუალოდ, წლის განმავლობაში, რეგიონში 4.8 მილიონი ვიზიტი ხორციელდება.