გასტროტურიზმის ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქეთევან კვიჭიძის განცხადებით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნა წაახალისებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქტების განვითარებას.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, კარგი პროდუქტის შექმნას და პოპულარიზაციას ტურისტულ სექტორზე პირდაპირი გავლენა ექნება, რადგან დღეს საქართველოში ხარისხიანი და საკმარისი რაოდენობის პროდუქტების კუთხით საკმაოდ დიდი პრობლემაა.
"გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნა სწორი გადაწყვეტილებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია და როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო არის, დაახლოებით, მსგავსი სააგენტო იქნება, რომელიც სხვადასხვა, მათ შორის, ადგილწარმოშობის პროდუქტებს დაიცავს და მოახდენს მათ პოპულარიზაციას. ვფიქრობ, რომ ეს იქნება არა მხოლოდ კერძებზე, არამედ გასტრონომიულ პროდუქტებზე - მაგალითად, დაცული იქნება ყველის ადგილწარმოშობა, ასევე თაფლის და ა.შ.
მაგალითად, გვაქვს თუშური გუდის ყველი, რომელსაც დაცვა და პოპულარიზაცია სჭირდება”, - აცხადებს ქეთევან კვიჭიძე.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის. შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.