ჩვენი ბრენდი Amazon-ზე დამტკიცდა და ამჟამად, მაღაზიის შექმნის პროცესში ვართ. აღნიშნულ პლატფორმაზე სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოვჩნდებით, - ამის შესახებ Mumsy-ის თანადამფუძნებელმა მარიამ გოგუაძე "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ინტერესი მზარდია და წინა წლებთან შედარებით გაყიდვების ტენდენცია უმჯობესდება.
"ჩვენ ოპერირება 2024 წლიდან დავიწყეთ და მაშინ, ფაქტობრივად დაბალი ცნობიერება იყო პოსტსამშობიარო მოვლის შესახებ. კომუნიკაციის დიდი ნაწილი მოდიოდა იმაზე, რომ არსებობს პროდუქტები, რომელიც დედისთვის არის განკუთვნილი და დედის მოვლა მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, თავიდან ჩვენი გაყიდვები ძალიან მცირე იყო, თუმცა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად გაყიდვების მაჩვენებელიც გაიზარდა. ამჟამად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით კომპანიის გაყიდვები გაორმაგებულია და მეტიც.
ჩვენი პროდუქცია იწარმოება ჩინეთში. მიზანი იყო, მიგვეგნო ისეთი ქარხნისთვის, რომელიც მაღალი სტანდარტით აწარმოებს ამ პროდუქციას. რასაკვირველია აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე გვაქვს წარმოების და ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები. ქართულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის ანალოგი არ არის და შესაბამისად, კონკურენციის საკითხიც არ დგას. ამჟამად, ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია. ონლაინ ჩვენი სოც. ქსელების მეშვეობით და ასევე, wolt-სა და Glovo-ზე. ამასთან, ძალიან გრძელვადიანი პროცესი გავიარეთ იმისთვის, რომ Amazon-ზე გამოჩენილიყო ჩვენი პროდუქტი. ამჟამად, ვყალიბდებით დეტალებზე, მათ შორის, როგორ მოხდება მიწოდება, საქართველოდან, თუ პირდაპირ ჩინეთიდან", - აცხადებს მარიამ გოგუაძე.
მანვე აღნიშნა, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებს განვითარებას და მათ სამომავლო გეგმებში მეზობელ ქვეყნებში გასვლაც განიხილება.
ცნობისთვის, ადგილობრივ ბაზარზე Mumsy 2024 წელს გამოჩნდა. ბრენდი დედებს მშობიარობის შემდგომი თავის მოვლის პროდუქტებს სთავაზობს. კომპანიას პრემიუმ ხარისხის რამდენიმე პროდუქტი აქვს - მათ შორის, სამშობიარო პერანგი, რომელიც გამოიყენება როგორც უშუალოდ მშობიარობის პროცესში, ასევე მის შემდგომ პერიოდში; პერი ბოთლი, რომელიც ამარტივებს ჰიგიენურ მოვლას მშობიარობის შემდგომ; ცივი საფენები, რომლის გამოყენება რეკომენდებულია მშობიარობის მომენტიდან; მშობიარობის შემდგომი ერთჯერადი მოხმარების ტრუსები და ჰამამელისის დამამშვიდებელ ქაფი, რომელიც შეუცვლელია პოსტსამშობიარო ტკივილისა და დისკომფორტის შესამცირებლად.