logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"დღესდღეობით თბილისს ტურისტი არ აკლია" - შოთა ბურჯანაძე

"რეგიონში მიმდინარე მოვლენების განვითარება, რა თქმა უნდა, ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი",- ამის შესახებ  რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში აღნიშნა ამ მხრივ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ისრაელი, რომლის მოქალაქეებიც მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და ომისა, მაინც მოგზაურობენ, ეს მათი რუტინის ნაწილია.

"ამავდროულად, გარკვეული გაურკვევლობა შეინიშნება ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა საუდის არაბეთი, მათ შორის დუბაი, ასევე სხვა ქვეყნები, რასაც ბოლო პერიოდში ინდოეთიც დაემატა, თუმცა ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს მიმართულებაც განვითარდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღესდღეობით თბილისს ტურისტი არ აკლია, თუმცა ვფიქრობ, რომ ზაფხულის სეზონი განსაკუთრებით წარმატებული იქნება აჭარისთვის. ტრადიციულად, ზაფხულის პერიოდში სწორედ აჭარა იზიდავს ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ ნაკადებს, მაშინ როდესაც თბილისი მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარ ტურისტულ ცენტრად რჩება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, რეგიონების განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა  ავიამიმოსვლასა და საერთაშორისო ხელმისაწვდომობას აქვს. ამ თვალსაზრისით, დასავლეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, რომლებიც ქვეყანაში დამატებით ტურისტულ ნაკადებს იზიდავს და რეგიონის კონკურენტუნარიანობას ზრდის.

"ვფიქრობ, ზაფხულის განმავლობაში შესაძლებელი იქნება უფრო ზუსტად შეფასდეს ის დინამიკა და შედეგები, რომლებიც დღეს უკვე შეინიშნება ტურისტულ ბაზარზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს განვითარების ის ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და რომელმაც საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციები გააძლიერა საერთაშორისო ბაზრებზე", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ პროცესებსა და გამოწვევებს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობასა და საერთაშორისო იმიჯზე.

გამოგვყევით