"ალალის" წვენების მწარმოებელი კომპანია "აჩინებული" ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობს. კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საექსპორტო მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს, მათ შორის, ნორვეგიასთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან.
როგორც გოჩა ღვინეფაძემ აღნიშნა, კომპანიის პროდუქციით ახალი ბაზრები ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე – World of Private Label International Trade Show-ზე დაინტერესდნენ, სადაც "ალალიმ" მონაწილეობა მესამედ მიიღო.
"მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის ფასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს ე.წ. წითელ წვენს, მათ შორის, ბროწეულსა და ალუბალს, რომლის დეფიციტია დღეს ადგილობრივ ბაზარზე. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ აღნიშნული ხილი შემოვიტანოთ. მაგალითად, ალუბლის შემოტანას თურქეთიდან და პოლონეთიდან ვაპირებთ, ხოლო ბროწეულის შემოტანას აზერბაიჯანიდან. აქ ჩვენთან გადავამუშავებთ შემოტანილ ხილს და შემდეგ გავიტანთ ექსპორტზე. ამ სტრატეგიით რამდენიმე წელია ვმუშაობთ.
ძირითადად, უცხოელ პარტნიორებს თავიანთი ბრენდის ქვეშ სურთ საბოლოო პროდუქტის გამოშვება და ჩვენ მათ წვენებს ვუმზადებთ", - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში, საექსპორტო ბაზრებზე გაფართოების შემდეგ, მათი პროდუქციის 40% გაიყიდება, ხოლო დანარჩენი 60%, ექსპორტზე. კომპანიის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრები კი ავსტრალია, უკრაინა და ყაზახეთია.
ცნობისთვის, „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. კომპანია „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "აჩინებულის" საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის წვენს აწარმოებს და ნედლეულს თითქმის სრულად ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.